ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები, შუა დერეფნის როლს ზრდის. როგორც Kairos Logistics-ის დამფუძნებელმა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში საუბრისას განმარტა, სექტორი ტვირთების გადმომისამართების მოლოდინშია.
„სამწუხარო რეალობა ისაა, რომ სურათი მძიმეა, ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილია გალფის მიმართულებით. ამასთან, დუბაი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ჰაბია რეგიონისთვის, რაც წნეხს ახდენს მდგომარეობაზე,"-აღნიშნა მიხეილ ნამადოვმა.
მისივე განმარტებით, არსებული მძიმე ვითარება საქართველოს სასურსათო დეფიციტის კუთხით ნაკლებად შეეხება.
„ამ რეგიონიდან, განსაკუთრებით დუბაიდან ჩვენთვის მაინც იყო უფრო მეტად ტექნიკის მოწოდება ხდებოდა. ტვირთების გადამისამართება უკვე დავიწყეთ. ვინაიდან ტარიფების მკვეთრი ზრდა ხდება. ერთის მხრივ, ამის მიზეზი ისაა რომ გაჭედილია კონტეინერები, რაც დეფიციტს ქმნის და მეორეს მხრივ, უკვე მნიშვნელოვნადაა მომატებული საწვავის ფასი, რაც თვითღირებულებაში 50%-ს შეადგენს. შექმნილ ვითარებაში ჩინეთიდან შუა დერეფნით რკინიგზით გადაზიდვები ერთ-ერთი ალტერნატივაა,“-განაცხადა მიხეილ ნამადოვმა.
მისივე თქმით, არაბულ ქვეყნებში იმპორტის და ექსპორტის 90% ზღვის გავლით ხორციელდებოდა.
„იმედია ეს საომარი მოქმედებები გრძელვადიან პერსპექტივაში და რეგიონალურ დაძაბულობაში არ გადაიზრდება. არაბულ ქვეყნებში იმპორტის და ექსპორტის 90% ზღვის გავლით ხორციელდებოდა. დღეს ერთადერთი საშუალება აქვთ დარჩენილი, რომ სახმელეთო გზით მოამარაგონ ლოგისტიკური ჰაბები, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. ამ ყველაფრის ფონზე რამდენიმე ტონა ტვირთნაკადის გადმომისამართება ხდება შუა დერეფნის არეალში და ჩვენ ამას ველით. ვინაიდან ჩრდილოეთში ვიცით რაც ხდება, ამჟამად, ერთადერთი უსაფრთხო გზა არის შუა დერეფანი,“-აღნიშნა მიხეილ ნამადოვმა.
ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გამწვავდა - ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირებაში, ჩართულია აშშ-იც. პარალელურად აქტიურია ირანის მხარდამჭერი ჯგუფები რეგიონში, რაც კონფლიქტს ფართომასშტაბიან რეგიონულ კრიზისად აქცევს. უსაფრთხოების რისკების გამო ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საჰაერო სივრცე დროებით დახურულია, მრავალი საერთაშორისო რეისი გაუქმდა ან შეიცვალა მარშრუტი.