logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ლევან სულაბერიძე: ჯერ უნდა გავიგოთ, რა ტიპის მსოფლიოში ვცხოვრობთ, შემდეგ – როგორი ეკონომიკა იქნება

მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები და კონფლიქტური გარემო ლოგისტიკისა და სატრანსპორტო სექტორზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამის შესახებ ყაზახურ- ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან სულაბერიძე აცხადებს. მისივე თქმით, დღევანდელ რეალობაში ზოგიერთ შემთხვევაში ტრანსპორტირების ფასი უკვე მეორეხარისხოვანი გახდა და მთავარია ტვირთის გადაზიდვა საერთოდ განხორციელდეს.

"რა ტიპის მსოფლიოში ვცხოვრობთ, ჯერ ეს დავადგინოთ და ალბათ იმაზეც გავალთ, რა ტიპის ეკონომიკა ჩამოყალიბდება საბოლოო ჯამში", - აღნიშნა ლევან სულაბერიძემ. 

მისი შეფასებით, ლოგისტიკის გაძვირებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს გარკვეული პროდუქციის მოხმარებაზე, განსაკუთრებით იმ პროდუქციაზე, რომელიც ყოველდღიური საჭიროების საგანი არ არის.

"პურს ყოველთვის ვიყიდით, მაგრამ შეიძლება რაღაც ძვირადღირებული ნივთი, რომელიც ჩინეთში იწარმოება და ჩინეთიდან გადაზიდვა უკვე გაძვირდა, აღარ შევიძინოთ. 

გარდა იმისა, რომ ომების გამოცდილება გვაქვს, ჩვენ გვაქვს კოვიდის გამოცდილებაც. რომელმაც განსაკუთრებით პირველ პერიოდში სურეალისტურ გარემოში გვაცხოვრა. კოვიდის პერიოდში ის, რაც ერთი-ორი კვირის წინ 2000-3000 დოლარი ღირდა, უცბად გახდა 15 000-20 000 დოლარი, მაგრამ ამაზეც მოთხოვნა არსებობდა და გადაზიდვა მაინც ხორციელდებოდა", - აღნიშნა ლევან სულაბერიძემ. 

მისივე თქმით, ასეთ გარემოში კონკრეტული პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საკუთარი როლის სწორად განსაზღვრა და ინფრასტრუქტურის განვითარება.

სულაბერიძე ხაზს უსვამს, რომ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში ინფრასტრუქტურა 30-50 წლიან პერსპექტივაზე უნდა იგეგმებოდეს, რაც კერძო ბიზნესისთვის რთულია და სწორედ ამიტომ სახელმწიფოს სტრატეგიული როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

"იმის ფონზე, რომ ჩვენ ვართ სტაბილურობის ერთგვარი კუნძული, ამას რომ ერთოდეს მეტად გამართული ინფრასტრუქტურა, ჩვენ პარტნიორებისთვის ბევრად უფრო სასურველი ქვეყანა ვიქნებოდით და მეტი ტვირთიც წამოვიდოდა", - განაცხადა ლევან სულაბერიძემ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში. 

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გამწვავდა - ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირებაში, ჩართულია აშშ-იც. პარალელურად აქტიურია ირანის მხარდამჭერი ჯგუფები რეგიონში, რაც კონფლიქტს ფართომასშტაბიან რეგიონულ კრიზისად აქცევს. უსაფრთხოების რისკების გამო ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საჰაერო სივრცე დროებით დახურულია, მრავალი საერთაშორისო რეისი გაუქმდა ან შეიცვალა მარშრუტი.

გამოგვყევით