logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასებს პირველ დარტყმას ლოგისტიკური პრობლემები და ირანის მიერ შეჩერებული ექსპორტი მიაყენებს" – ვახტანგ ბეჟიტაშვილი

[სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის] ფასებს პირველ დარტყმას ლოგისტიკური პრობლემები და ირანის მიერ შეჩერებული ექსპორტი მიაყენებს, - ამის შესახებ "ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, შექმნილი მდგომარეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების აუცილებლობას.

"ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები არის ისეთი გლობალური მასშტაბის მოვლენა, რომელიც ყველა ქვეყანაზე ახდენს გავლენას. ეს ეტაპობრივად ყველა სფეროზე და მიმართულებაზე აისახება, მათ შორის, არის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელსაც ძალიან სენსიტიური მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პირველ რიგში ლოგისტიკიდან გამომდინარე  მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი ირღვევა. როდესაც პროდუქციის ნაკლებობა იქნება და ვერ იქნება დროული მიწოდება თავისთავად ცხადია ეს ფასზე აისახება. 

მიუხედავად იმისა, რომ ირანი სანქცირებული ქვეყანა გახლავთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და კონკრეტულად პირველადი მოხმარების პროდუქციისთვის, ეს სანქციები ბარიერი არ იყო. ჩვენთან ირანიდან ბევრად უფრო მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შემოდიოდა, ვიდრე ჩვენგან გადიოდა. ირანში ენერგომატარებლების ფასი და მუშახელი ძალიან იაფია. ქართულ ბაზარზე ირანული პროდუქცია ფართოდ იყო წარმოდგენილი და ეს საფასო სეგმენტზეც ასახული იყო. დღეის მდგომარეობით გამოგზავნილი მანქანები რაც არის იმასაც კი პრობლემები აქვს. უახლოესი ცნობების მიხედვით, აზერბაიჯანის ტერიტორია იქნა დაბომბილი და აზერბაიჯანმა დაკეტა ტრანზიტული გზა ირანული ტვირთებისთვის. გზა დარჩენილია მხოლოდ სომხეთის გავლით და ეს გზა - ე.წ. მეღრის უღელტეხილი ძალიან საშიში მონაკვეთია და გამტარუნარიანობა ნაკლებად გააჩნია. შესაბამისად, აქედან მომარაგების კუთხით იმედი ძალიან ნაკლებად გვაქვს. ამიტომ ფასები თავისთავად გარკვეულწილად მოიმატებს. 

ისე არ იქნება, რომ ეს პროდუქცია არ ჩანაცვლდეს. უახლოესი სამეზობლოდან - მაგალითად, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან მოხდება გარკვეული სეგმენტების ჩანაცვლება, თუმცა ეს იგივე ფასად, რა თქმა უნდა, არ იქნება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა სასურსათო უსაფრთხოების აუცილებლობა და ის, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება გარკვეულ პოზიციებზე ადგილობრივი წარმოება ძლიერი ჰქონდეს. ნებისმიერ დროს, ამ ფეთქებად საშიშ სიტუაციებში პირველადი მოხმარების საქონელი ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თვითკმარი და ჩვენ უნდა შევძლოთ იმდენი, რომ ჩვენს ქვეყანაში წარმოება განვითარებული იყოს", - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გამწვავდა - ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირებაში, ჩართულია აშშ-იც. პარალელურად აქტიურია ირანის მხარდამჭერი ჯგუფები რეგიონში, რაც კონფლიქტს ფართომასშტაბიან რეგიონულ კრიზისად აქცევს. უსაფრთხოების რისკების გამო ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საჰაერო სივრცე დროებით დახურულია, მრავალი საერთაშორისო რეისი გაუქმდა ან შეიცვალა მარშრუტი.

გამოგვყევით