თამბაქოს წარმოების ლიცენზიის აღების ვადა 2026 წლის იანვრამდე გადაიწევს. ცვლილებას „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.
როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, 2024 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით, თამბაქოს მწარმოებლებისთვის მოთხოვნები დაწესდა და თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა. საწარმოებს ვალდებულება უჩნდებათ, ხარისხის კონტროლის მიზნით, სათანადო ლაბორატორია აღჭურვონ, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროის რესურსთან არის დაკავშირებული.
"ლაბორატორიის აღჭურვისათვის საჭირო დანადგარების უმეტესი ნაწილის ადგილობრივ ბაზარზე შეძენა შეუძლებელია. შესაბამისად, საჭირო დანადგარების მწარმოებლის მოძიება, მოლაპარაკების წარმოება და შეთანხმებული პროდუქციის შესყიდვა უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.
ლაბორატორიული დანადგარების მწარმოებელი უცხოური საწარმოების მიერ დანადგარების დასამზადებლად და ტრანსპორტირებისათვის განსაზღვრულია სტანდარტული ვადები. ამასთანავე, დანადგარების საწარმოში დაინსტალირებისათვის და ტექნიკურად გამართვისათვის საჭიროა მწარმოებელი ქარხნის ტექნიკური ჯგუფის ჩართულობა, რაც კიდევ უფრო ართულებს ლაბორატორიის მოწყობის პროცესს. იმისათვის რომ სრულად იქნეს შეძენილი ლაბორატორიისთვის საჭირო აღჭურვილობა და მოხდეს მათი ინსტალაცია საჭიროა დაახლოებით 7-9 თვე", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
პროექტის ავტორების თქმით, ლიცენზიის აღების ვადის გადაწევა, დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, წარმოება კანონის შესაბამისად აღჭურვონ და ლიცენზია ისე აიღონ, რომ საწარმოო პროცესი არ შეფერხდეს.