კომპანია "ლაინის" მომხმარებელთა რაოდენობა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ხალათებს, პენუარებსა და თეთრეულს აწარმოებს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით შემცირდა.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი, თათია ნიკოლეიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, პროდუქციის გაყიდვების რაოდენობის კლება პირდაპირ უკავშირდება უცხოური ონლაინ პლატფორმების მზარდ პოპულარობას (მაგალითად TEMU), რაც ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციას ზღუდავს.
მეწარმე უშუალოდ გაყიდვების მიმართულებითაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ თვეში დაახლოებით, 30-დან 100-მდე საცალო პროდუქტი იყიდება.
"პროდუქციას თავად ვკერავთ, რაც შეეხება ნედლეულს - ძირითად ნაწილს ადგილობრივ ბაზარზე ვიძენთ, ნაწილი კი ჩინეთიდან ჩამოგვაქვს. ასორტიმენტის გაზრდის მიმართულებით რაღაც იდეები გვაქვს, თუმცა, ჯერჯერობით ვერ დავაკონკრეტებ. პროდუქციას ძირითადად სოციალური ქსელის საშუალებით ვყიდით. ამ მიმართულებით აქტიური მარკეტინგული ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაყიდვების რაოდენობაზე ჯაჭვურად აისახება. ყველაზე კარგი რეალიზაცია კოვიდის პერიოდში გვქონდა.
მომხმარებელთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირდა. ადგილობრივი მოსახლეობა პროდუქტს ძირითადად, სხვადასხვა, უცხოური აპლიკაციების საშუალებით იწერს, რაც ცხადია, ჩვენს ბიზნესზე უარყოფითად აისახება. ახლა ადგილობრივ ბაზარზე დიდ კონკურენციას განსაკუთრებით TEMU გვიწევს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აღნიშნულ პლატფორმას მაღალი ხარისხით შევეჯიბროთ. ზოგადად, ჩვენი მიმართულებით ბიზნესები მომრავლდა, ამ ყველაფრის ზუსტი მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი მგონია, რომ მცირე მეწარმეები საგრანტო კონკურსებში გამარჯვებაა. მომხმარებლების 80%-ი ადგილობრივი მოსახლეობაა, თუმცა საქართველოში მცხოვრები უცხოელებიც აქტიურობენ.
რაც შეეხება ფასების დიაპაზონს, 49 ლარიდან 190 ლარამდე მერყეობს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ფასები არ გავზარდოთ და ბაზარზე კონკურენტუნარიანები ვიყოთ, - აცხადებს კომპანია "ლაინის" წარმომადგენელი.
ცნობისთვის, კომპანია "ლაინი", რომელიც ხალათებს, პენუარებს, თეთრეულს აწარმოებს ადგილობრივ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს.