სასტუმრო "ჭიათურელის" დამფუძნებელი, დავით ჩაჩანიძე ვარაუდობს, რომ სივრცის ოფიციალური გახსნის შემდეგ (მაისის ბოლოს), პოტენციური ვიზიტორების დიდი ნაწილი, ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ დავით ჩაჩანიძე აცხადებს, აღნიშნული ვარაუდის მიზეზი, ადგილობრივების მხრიდან ჯერ არ გახსნილი სასტუმროს მიმართ - დაინტერესებაა, ამის პარალელურად კი, ობიექტი უცხოელ ვიზიტორებსაც ელოდება.
„სასტუმრო "ჭიათურელი" მაისის ბოლოს ამოქმედდება, რაღაც წვრილმანი საკითხებია მოსაგვარებელი. მინდა გითხრათ, რომ სტუმრებს უკვე ვიღებთ, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არ გავხსნილვართ. ვიზიტორები, ჯერჯერობით, ადგილობრივი მოსახლეობაა. ამ ეტაპზე, სხვადასხვა, პლატფორმაზე ჩემი სასტუმრო არ ჩანს, შესაბამისად, პოტენციურ უცხოელ ვიზიტორებს ინფორმაცია არ აქვთ.
წინასწარი ჯავშნები არ ამიღია, საბოლოო წერტილს ველოდები - სასტუმროს ოფიციალურად გახსნას. „ჭიათურელის“ გახსნის შემდეგ, ჩემი გათვლით, სტუმრების დიდი ნაწილი მაინც, ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.
ამავდროულად, როდესაც სრული დატვირთვით დავიწყებთ მუშაობას, მარკეტინგული კამპანიის კუთხითაც გავაქტიურდებით. მოლოდინებს რაც შეეხება, ცხადია, დადებითად ვარ განწყობილი“, - აღნიშნა დავით ჩაჩანიძემ.
ცნობისთვის, 13 ნომრიანი, სასტუმრო „ჭიათურელი“, რომლის საინვესტიციო ღირებულება 1.8 მლნ ლარამდეა, ჭიათურაში მდებარე, ღვინის მწარმოებელი კომპანია „სოლომონე“-ს შემადგენლობაშია. "სოლომონეს" მარანი ჭიათურაში, ლეჟუბანში მდებარეობს. ვენახები 3 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული.
"სოლომონე" ჯამში 7 დასახელების ღვინოს აწარმოებს. 2023 წლის მდგომარეობით, წარმოებამ 20 ათასი ბოთლი შეადგინა.