logo
Loading data...
მთავარი ბლოგი

სტატია

კრიპტოვალუტა - ყველაფერი ციფრული ფულის შესახებ

კრიპტოვალუტა - ყველაფერი ციფრული ფულის შესახებ

1709650800

სხვადასხვა ნივთებით ვაჭრობა ადამიანის მთელი ისტორიის მანძილზე ყოველთვის ერთ-ერთ მთავარ აქტივობას წარმოადგენდა. თავდაპირველად ეს ორმხრივი შეთანხმებები გაცვლითი სახის იყო - ადამიანი მოჭარბებულ პროდუქტს დეფიციტურში ცვლიდნენ. მოგვიანებით ვაჭრობის ანგარიშსწორების სხვადასხვა სახეები ქაღალდის ტრადიციულმა ფულმა ჩაანაცვლა. მაგრამ, რა გასაკვირია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების  ეპოქაში ციფრული ვალუტა გაჩნდა, რომელმაც ფულისა და ფინანსური ტრანზაქციების ტრადიციული გაგება მნიშვნელოვნად შეცვალა. ამ ბლოგში მოგიყვებით ყველაფერს ინოვაციური მოვლენის, კრიპტოვალუტის შესახებ. 

რა არის კრიპტოვალუტა?

კრიპტოვალუტა ციფრული ან შეიძლება ითქვას, ვირტუალური ვალუტაა, რომელიც დეცენტრალიზებული სისტემით ხასიათდება. იგულისხმება, რომ ის არ არის დამოკიდებული ბანკებზე და ცენტრალურ ორგანოებზე. ტრადიციული ფულისაგან განსხვავებით, კრიპტოვალუტის გადახდები ფიზიკურ სივრცეში არ არსებობს, ჩანაწერები ხელმისაწვდომია ონლაინ მონაცემთა ბაზაში, რომელიც განხორციელებულ ტრანზაქციას მაქსიმალური სიზუსტით აღწერს. 

აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტა კრიპტოგრაფიითაა დაცული, რაც მის გაყალბებას ან არაკეთილსინდისიერ გამოყენებას თითქმის შეუძლებელს ხდის. კრიპტოგრაფია, თავის მხრივ, ინფორმაციის დამალვას ან კოდირების იმგვარ პროცესს გულისხმობს, როცა შეტყობინების წაკითხვის შესაძლებლობა მხოლოდ უშუალოდ მოქმედ ორ მხარეს, მის ავტორსა და ადრესატს, აქვს. ამ ტიპის დაშიფვრის მიზანი კი მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. 

პირველი კრიპტოვალუტა, დღესდღეობით, ძალიან კარგად ნაცნობი ბიტკოინი იყო, რომლის გასაჯაროებასაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. მაშინ, როცა მსოფლიო 2008 წლის ეკონომიკური კრიზისით იყო მოცული, ამავე წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა ბიტკოინის, როგორც ციფრული ვალუტის ე.წ მუშაობის ჩარჩო. მნიშვნელოვანი ფაქტი კი ისაა, რომ დღემდე უცნობია ვინ იდგა ამ ამბის უკან - ერთი პიროვნება თუ ადამიანთა ჯგუფი. თუმცა, ბიტკოინის ფართო გავრცელება სატოში ნაკამოტოს ფსევდონიმის ქვეშ გაერთიანებულ პირ(ებ)ს უკავშირდებათ. 

კრიპტოვალუტის სხვა სახეები

მართალია ბიტკოინი ყველაზე ცნობილი და გავრცელებული კრიპტოვალუტაა, თუმცა ეს სისტემა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. სწორედ ამიტომ, კიდევ რამდენიმე ციფრულ ვალუტას გაგაცნობთ. 

ეთერიუმი

ეთერიუმი 2015 წელს ვიტალიკ ბუტერინიმ გამოუშვა. პროგრამისტის მიზანი მანამდე არსებული ციფრული ვალუტის, ბიტკოინის გაუმჯობესება და აუთვისებელი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება იყო. სწორედ ამიტომ, ეს უკანასკნელი არა მხოლოდ კრიპტოვალუტას, არამედ ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ე.წ სმარტ კონტაქტების დახმარებით ტრანზაქციებს ავტომატურად, შუამავლის გარეშე ახორციელებს. აქ ტრანზაქციის კონტრაქტის ყველა პირობა წინასწარაა განსაზღვრული და მასში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია, ამასთანავე, ეთერიუმი მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრის შესაძლებლობასაც იძლევა, რაც სისტემის მაღალ უსაფრთხოებასა და მის მიმართ ნდობას განაპირობებს. 

USD Coin

USD Coin კრიპტოვალუტის ტიპია, რომელიც  საბაზრო ვალუტის სახით აშშ დოლარს იყენებს. ის 2014 წელს შექიმნა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური ციფრული ვალუტაა. ერთი USD Coin-ის ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენია დოლარის კურსი დღეს, რადგან ის მისი ეკვივალენტია. შესაბამისად, ღირებულება ბევრად უფრო სტაბილურია სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით. 

Binance (BNB)

Binance შედარებით უფრო ახალი კრიპტოვალუტაა, რომელიც 2017 წელს შეიქმნა. ვაჭრობის მოცულობით თვალსაზრისით BNB ერთ-ერთი წამყვანი ვალუტაა. პლატფორმის მთავარი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ  ტრანზაქციის შენახვისას ან გამოყენებისას სავაჭრო გადასახადი შეამცირონ. 

კრიპტოვალუტების ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც უპირატესობაზე მეტყველებს

როგორც წესი, ციფრული ვალუტების დიდი ნაწილი ცენტრალური ორგანოებისა და ბანკების ნაცვლად, კომპიუტერული ქსელებით იმართება, მაგალითად, ეროვნული ვალუტის კურსი და მონეტარული პოლიტიკა დამოუკიდებლად ვერ ფუნქციონირებს. კრიპტოვალუტების ერთ-ერთი მთავარი და გამორჩეული მახასიათებელი კი სწორედ დეცენტრალიზაციაა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კრიპტოვალუტებით განხორციელებული ტრანზაქციები, ტრადიციულ ფინანსურ სისტემასთან შედარებით, უფრო მაღალი კონფიდენციალურობის დონით ხასიათდება. თუმცა, სხვადასხვა კრიპტოვალუტის შემთხვევაში ანონიმურობის ხარისხი განსხვავებულია. 

ციფრული სავალუტო სისტემები ტრანზაქციების დასაცავად კრიპტოგრაფიულ ტექნიკას იყენებენ. ეს კი ამ პლატფორმებს უკვე დამკვიდრებულ ელექტრონულ ტრანზაქციებზე მეტად დაცულსა და უსაფრთხოს ხდის.  

გამომდინარე იქიდან, რომ ციფრული ფულის გაგზავნა ან მიღება მთელი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია ხელმისაწვდომი, შესაძლოა ის ტრადიციული საბანკო და თანხის გადარიცხვის სერვისების უფრო იაფი ან/და სწრაფი ალტერნატივაც კი აღმოჩნდეს. 

გამოწვევები, რომლებიც ციფრულ ვალუტებს უკავშირდება

კრიპტოვალუტა ცნობილია თავისი არასტაბილურობით. ერთ დღეში ფასების მინიმუმ 10%-იანი რყევები ჩვეულებრივი მოვლენაა, რაც ინვესტიციას მაღალი რისკის შემცველად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები შესაძლოა მომგებიანი იყოს, არსებობს იმის ალბათობაც, რომ ციფრული ვალუტის  ღირებულება უკიდურესად გაუფასურდეს. შესაბამისად, ეს არ არის სისტემა, სადაც სტაბილური დაბანდება ხდება. 

მართალია, ბლოკჩეინი, საქართველოში პოპულარული აქტუალური პროგრამა, და მასზე დაფუძნებული პლატფორმები უსაფრთხოდ მიიჩნევა, თუმცა ჰაკერული შეტევებით გამოწვეული დაუცველობა, ბირჟებზე, ციფრულ საფულეებსა და ჭკვიან კონტაქტებში ინვესტორებს მნიშვნელოვან რისკებს უქმნის. 

კრიპტოვალუტის ერთ-ერთი მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სისტემაში ჩართვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ამისათვის კი მხოლოდ კომპიუტერია საჭირო. თუმცა, პოპულარული ციფრული ვალუტების დაგროვება მნიშვნელოვან ელექტრო ენერგიას მოითხოვს. ბიტკოინის მაგალითს თუ განვიხილავთ, მაინინგის პროცესი, დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად, ხშირად იმ რაოდენობის ენერგიას მოითხოვს, რაც მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვისაა საჭირო. შესაბამისად, ამ ფაქტორმა კრიპტოვალუტების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად შეზღუდა და ხარჯების მასშტაბურობიდან გამომდინარე, მსხვილი ფირმების ხელში მოაქცია. 

მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, შეიძლება ითქვას, რომ კრიპტოვალუტა ტრადიციული ფინანსური სისტემის მნიშვნელოვანი კონკურენტია. ამასთანავე, თუ გავითვალისწინებთ სწრაფ ტექნოლოგიურ პროგრესსა და ხელოვნური ინტელექტის მუდმივ განვითარებას, კრიპტოვალუტას აქვს პოტენციალი უფრო მეტად დაცული, სტაბილური და მომავალზე ორიენტირებული ციფრული შესაძლებლობა გახდეს. 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, საინფორმაციო სააგენტო Business Partner-ის ვებგვერდს ეწვიეთ. 

ავტორი: სალომე სუხიტაშვილი 

გამოგვყევით