logo
Loading data...
მთავარი ბლოგი

სტატია

ვალუტის კურსი საქართველოში და მისი გავლენა ქვეყნის ფინანსურ სისტემაზე

ვალუტის კურსი საქართველოში და მისი გავლენა ქვეყნის ფინანსურ სისტემაზე

1709737200

ძველად, საერთაშორისო გადახდების ანგარიშსწორებისათვის ვერცხლსა და ოქროს იყენებდნენ, რაც სტანდარტიზებულ სისტემად მიიჩნეოდა.  თუმცა, ის  არ იყო სრულყოფილად დახვეწილი და ხშირად ფინანსურ კრიზისს იწვევდა. სწორედ ამიტომ,  საჭირო გახდა ვალუტის კურსის ერთგვარი ჩარჩოს შემოღება, რაც  ერთი ქვეყნის ფულადი ერთეულის ღირებულების სხვა ქვეყნის ვალუტაში გამოსახვას გულისხმობს.

საქართველოში ეს საკითხი მეტად აქტუალურია, რადგან გაცვლითი კურსების არსებული მდგომარეობა, როგორც წესი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოქალაქეების ცხოვრებაზე, რაც უპირველესად ფასების ზრდაში გამოიხატება. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა, ალბათ შემდეგნაირია - რამდენის უდრის დოლარის კურსი საქართველოში? საკითხის ასეთი პოპულარობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა ტიპის გაცვლითი კურსები არსებობს და რომელი მათგანი მოქმედებს საქართველოში. 

ვალუტის კურსის სახეები

ორი ტიპის გაცვლითი კურსი არსებობს, ესენია: ფიქსირებული და მცურავი კურსები. თითოეული ერთმანეთისაგან განსხვავებულ მიზანს ემსახურება და სხვადასხვა გავლენას ახდენს ამა თუ იმ ქვეყნის ფინანსურ სისტემებზე. 

მცურავი გაცვლითი კურსი

მცურავი გაცვლითი კურსი იმგვარ სისტემას ეფუძნება, როდესაც ვალუტის ღირებულება მოთხოვნასა და მიწოდებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ეროვნული  ვალუტა ევროს მოთხოვნის მიხედვით განისაზღვრება, რაც გავლენას ლარზე ახდენს - ამყარებს ან აუფასურებს მას. ამ პროცესებზე მუდმივად აისახება ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, მაგალითად, საპროცენტო განაკვეთები, ინფლაცია, პოლიტიკური სტაბილურობა და უფრო მასშტაბურ ჭრილში, საერთაშორისო ეკონომიკური მაჩვენებლები. შესაბამისად, ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, რაც, თავის მხრივ, გლობალური ეკონომიკის დინამიკურობას ასახავს. 

მცურავი გაცვლითი კურსის არსი მის თვითრეგულირებად ბუნებაში მდგომარეობს, რომლის მექანიზმიც შემდეგნაირად მუშაობს - როდესაც ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე დიდია მოთხოვნა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლის, გაზრდილი ექსპორტის ან/და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობებით, მისი ვალუტის ღირებულებაც იზრდება. თუმცა, თუ სახელმწიფო პოტენციური კრიზისის წინაშე დგას, მაშინ მცოცავი ვალუტის კურსის პრინციპის შესაბამისად, ეროვნული ფულადი ერთეულის ღირებულება ეცემა ანუ უფასურდება. 

ამ სისტემას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. მაგალითად, ის მოქნილობით ხასიათდება და გლობალურ თუ ლოკალურ ბაზარზე არსებული ცვლილებების მიმართ მარტივად ადაპტირებადია, რაც გაუთვალისწინებელი კრიზისების ფონზე, სტაბილურობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი ფაქტორია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მცურავი გაცვლითი კურსის მქონე ქვეყნებს, მაგალითად საქართველოს უფრო მეტი კონტროლი აქვს მონეტარულ პოლიტიკაზე. იგულისხმება, რომ ასეთ დროს ქვეყანას აქვს შესაძლებლობა შეცვალოს საპროცენტო განაკვეთები და მონეტარული პოლიტიკის ზომები ვალუტის შენარჩუნებაზე ფიქრის გარეშე განახორციელოს. ერთ-ერთ უპირატესობად, შესაძლოა, კურსის თვითკორექტირების უნარიც მივიჩნიოთ. იგულისხმება, რომ ამ ტიპის გაცვლითი კურსი სავაჭრო დისბალანსის გამოსწორებას ავტომატურად უზრუნველყოფს. 

რაც შეეხება მცურავი გაცვლითი კურსის უარყოფით მხარეებს, ამ მიმართულებით ერთ-ერთ ყველზე დიდ გამოწვევას არასტაბილურობა წარმოადგენს, რასაც მოკლევადიანი ცვლილებების მიმართ მოწყვლადობა განაპირობებს. არასტაბილურობის ასეთი ხარისხი კი, როგორც წესი, ბიზნესსა და ინვესტიციებს საფრთხეს უქმნის. 

აღსანიშნავია, რომ მცურავ კურსმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მცირე ეკონომიკებზე, განსაკუთრებით კი იმპორტზე. ვალუტის მკვეთრი გაუფასურება, თავის მხრივ, იმპორტირებული საქონლის ხარჯების ზრდას გამოიწვევს, რაც ინფლაციურ ზეწოლას კიდევ უფრო გააღრმავებს.

ფიქსირებული გაცვლით კურსი

როგორც აღინიშნა, ეროვნული ვალუტის კურსი ფიქსირებული ფორმითაც არსებობს და ეს პრაქტიკა ბევრ ქვეყანაშია დამკვიდრებული. მაგალითად, ამ სისტემას იყენებენ ჩინეთში, ჰონგ კონგში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ა.შ. 

ვალუტის კურსის დადგენის ეს ტიპი ერთი ქვეყნის მთავრობის ან ცენტრალური ბანკების მიერ ეროვნული ფულადი ერთეულის სხვა ვალუტის ან ოქროს ფასის მიმართ ფიქსირებას ანუ ერთ ნიშნულზე გაჩერებას გულისხმობს. იმისათვის, რომ ფიქსირებული ვალუტის კურსი შენარჩუნებულ იქნას, სავალუტო რეზერვების გამოყენება ხდება ანუ ქვეყნის ცენტრალური წარმომადგენლობები აქტიურად ყიდიან თავიანთ ფულად ერთეულს და ყიდულობენ იმ ვალუტას, რომელთანაც მიმაგრებულები არიან.

ფიქსირებული ვალუტის კურსის შენარჩუნების მექანიზმი უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ის შემდეგნაირად მუშაობს - როდესაც ვალუტის ეროვნული კურსი ვარდნას დაიწყებს და ფიქსირებული ღირებულების ქვემოთ ჩამოვა, ცენტრალური ბანკი უცხოური ვალუტის რეზერვებს საკუთარის სანაცვლოდ გაყიდის. 

ეს პროცესი ეროვნული ფულადი ერთეულის მიწოდებას ამცირებს, რაც მის ღირებულებას ზრდის და კვლავ სტაბილურ ნიშნულს უბრუნებს. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ადგილობრივი ფულადი ერთეულის ღირებულება ზრდას დაიწყებს და მიბმულ ვალუტას გადააჭარბებს, ცენტრალური ორგანოები უცხოური ვალუტის რეზერვების დახმარებით, საკუთარ ფულად ერთეულს ყიდულობს, რაც ეროვნული ვალუტის მიწოდებას ზრდის  და, შესაბამისად, მისი ღირებულებაც შემცირდება. ცენტრალური წარმომადგენლობების ეს ინტერვენციები ვალუტის კურსის სტაბილურობას განაპირობებს და ეკონომიკისათვის საზიანო, უეცარი რყევების ალბათობა მინიმუმამდე დაჰყავს. 

ფიქსირებული გაცვლითი კურსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მის სტაბილურობასა და პროგნოზირებადობაში მდგომარეობს. ამ ფაქტორის წყალობით კი ბიზნეს სექტორსა და ინვესტორებს გრძელვადიანი გეგმების შედგენა შეუძლიათ, რაც უეცარი რყევების მცირე ალბათობითაა განპირობებული. სტაბილურობას, რომელიც ფიქსირებულ გაცვლით კურსთანაა დაკავშირებული, ვაჭრობისა და ახალი ინვესტიციების შემოდინების წახალისება შეუძლია. გამოდის, რომ ბიზნეს სექტორი, ვალუტის კურსის რისკების სიმცირიდან გამომდინარე, საერთაშორისო ვაჭრობაში მეტად ინტეგრირდება.

ფიქსირებული ეროვნული ვალუტის კურსი მნიშვნელოვნად ამცირებს მოსალოდნელ ინფლაციებს, რადგან ეს სისტემა ხელს უშლის და მუდმივად ასტაბილურებს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას მიმაგრებულთან მიმართებაში. 

ამ უპირატესობების მიუხედავად, ფიქსირებული გაცვლითი კურსი გამოწვევების წინაშეც დგას. მაგალითად, გაცვლითი კურსი დაუცველია სპეკულაციური თავდასხმებისაგან. ასეთ დროს ინვესტორები მიიჩნევენ, რომ დევალვაცია გარდაუვალია და ვალუტის მასობრივ გაყიდვას იწყებენ. ეს ქმედება ზრდის ქვეყანაში ეროვნული ფულადი ერთეულის რაოდენობას, რაც მის ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს. ცენტრალური ბანკი ვალუტის კურსის სტაბილიზაციის მიზნით  უცხოურ რეზერვებს ყიდის. იმ შემთხვევაში თუ სპეკულაციური შეტევები დიდხანს გაგრძელდება, ბანკი ამოწურავს თავის საგარეო რეზერვებს, რაც ვალუტის კურსის  კრიტიკულ გაუფასურებას გამოიწვევს. 

ვალუტის კურსი საქართველოში

1995-1997 წლებში საქართველოში ფიქსირებული გაცვლითი კურსი მოქმედებდა, რაც იმდროინდელი პოლიტიკური ვითარებიდან იყო განპირობებული. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ინფლაციის მაღალი დონე ფიქსირდებოდა, ამ ტიპის ვალუტის კურსი ყველაზე მომგებიან ალტერნატივად მიიჩნეოდა. 

საქართველოს შემთხვევაში ფიქსირებული გაცვლითი კურსი მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მოტანის შესაძლებლობას არ იძლეოდა. ამ სისტემის პირობებში მნიშვნელოვნად ფერხდება ეფექტური ეკონომიკური და გარე ფაქტორებისაგან დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის გატარება. მაგალითად, საქართველოს ეკონომიკა რეცესიულობით ხასიათდება, რაც მუდმივ მონიტორინგსა და შესაბამისი რეფორმების გატარების აუცილებლობას გულისხმობს.  ფიქსირებული გაცვლითი კურსი კი ეროვნული ბანკისა და მთავრობის მოქმედების არეალს მნიშვნელოვნად შეზღუდავდა. ამასთანავე, ქვეყნები ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა ფაზებში იმყოფებიან, შესაბამისად, საქართველოს მონეტარული პოლიტიკის სხვა ქვეყნის, მაგალითად, აშშ-ის  სისტემაზე  მიბმა დამაზიანებელია, რადგან გარდა სხვადასხვა გამოწვევებისა და სპეციფიკისა, ამ დროს მნიშვნელოვნად იზღუდება ადაპტაციისა და მოქნილობის ის უნარი, რომელიც მცურავ კურსს ახასიათებს.  ამ ფაქტორებიდან გამომდინარე 1997 წლის შემდეგ საქართველოში ვალუტის კურსი მცურავი სისტემის მიხედვით განისაზღვრება. 

როგორც წესი, გაცვლითი კურსზე პასუხისმგებელნი ცენტრალური ორგანოები არიან, მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკი ვალუტის კურსის დინამიკის მონიტორინგსა და რიგ შემთხვევებში მის სტაბილურობას უწყობს ხელს, რაც საფინანსო სისტემის წინაშე არსებული და მოსალოდნელი რისკების განსაზღვრას და მათ შემცირებას გულისხმობს.  

ვალუტის კურსთან დაკავშირებული მუდმივად განახლებადი ინფორმაციის მისაღებად, თვალი საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესპარტნიორის"  პლატფორმებს ადევნეთ. 

ავტორი: სალომე სუხიტაშვილი 

გამოგვყევით