logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

2023 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.6%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

2023 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.6%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

1727768910

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.6 პროცენტით გაიზარდა და 204.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2023 წელს მისი მოცულობა 77.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 8.5 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2023 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 66.8 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.3 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 17.9 პროცენტი კი - მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.1 პროცენტი, საშუალოზე - 24.6 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 29.3 პროცენტი.

2023 წელს საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 109.0 მილიარდი ლარი (2022 წელთან შედარებით 7.5 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 71.2 მილიარდი ლარი (2022 წელთან შედარებით 8.2 პროცენტით მეტი) შეადგინა. 2023 წელს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 823.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5.7 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.4 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.6 პროცენტი - მამაკაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.8 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 39.8 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 771.5 ათასი კაცი შეადგინა (2022 წელთან შედარებით 6.2 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 17.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა (2022 წელთან შედარებით 20.7 პროცენტით მეტი). 2023 წელს, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 827.3 ლარს გაუტოლდა (2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 221.4 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 445.3 ლარი შეადგინა (2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 181.3 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია: 

    • მსხვილი ბიზნესი – 2 077.2 ლარი 
    • საშუალო ზომის ბიზნესი – 2 199.7 ლარი
    • მცირე ბიზნესი – 1 306.5 ლარი.

2023 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 38.0 პროცენტი ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე მოდიოდა, მეორე ადგილზე იყო ხელოვნება, გართობა და დასვენება 31.4 პროცენტიანი წილით, შემდეგ კი - დამამუშავებელი მრეწველობა 7.8 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 5.9 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.6 პროცენტიანი წილით, ხოლო 12.3 პროცენტი დანარჩენ დარგებზე განაწილდა.

2023 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებდა ვაჭრობა (19.7 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (19.5 პროცენტი), შემდეგ მოდიოდა მშენებლობა (17.3 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.1 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 34.4 პროცენტიანი წილი ეკავათ.

2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 28.6, 11.7 და 9.6 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.4 პროცენტი), მშენებლობის (8.3 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (5.7 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.1 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში 2023 წელს ლიდერობდა ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:

    • ქ. თბილისი – 78.9 პროცენტი
    • აჭარის ა.რ. – 5.4 პროცენტი
    • ქვემო ქართლი – 4.2 პროცენტი
    • იმერეთი – 3.4 პროცენტი
    • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2.1 პროცენტი.

რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ასევე ქ. თბილისი ლიდერობდა და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:

    • ქ. თბილისი – 64.8 პროცენტი
    • აჭარის ა.რ. – 8.5 პროცენტი
    • ქვემო ქართლი – 6.9 პროცენტი
    • იმერეთი – 5.7 პროცენტი
    • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6 პროცენტი.

დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდებოდა 2023 წელს:

    • ქ. თბილისი – 62.4 პროცენტი
    • აჭარის ა.რ. – 9.5 პროცენტი
    • იმერეთი – 7.5 პროცენტი
    • ქვემო ქართლი – 5.9 პროცენტი
    • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8 პროცენტი
    • კახეთი – 3.0 პროცენტი
    • შიდა ქართლი – 2.8 პროცენტი
    • მცხეთა-მთიანეთი – 1.7 პროცენტი
    • სამცხე-ჯავახეთი – 1.8 პროცენტი
    • გურია – 1.2 პროცენტი
    • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.3

გამოგვყევით