დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2024 წელს არაკომერციული ორგანიზაციების ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 281.2 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 10.6 პროცენტით მეტია.
"საქსტატის" მონაცემების თანახმად, ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი მოდის განათლების (33.2 პროცენტი), ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (29.7 პროცენტი), ხელოვნების, გართობისა და დასვენების (15.8 პროცენტი), სხვა სახის მომსახურებაზე (7.7 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (4.9 პროცენტი), ინფორმაციისა და კომუნიკაციის (4.2 პროცენტი), ასევე ტრანსპორტი და დასაწყობების (1.4 პროცენტი) სექტორის ორგანიზაციებზე.
2023 წელთან შედარებით ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 4.1-ჯერ გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის და 2.0-ჯერ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობების სექტორებში. ზრდის ტენდენციები გამოვლინდა პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (78.8 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების (74.5 პროცენტი), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორში (31.6 პროცენტი), ინფორმაციისა და კომუნიკაციის (22.3 პროცენტი), სხვა სახის მომსახურების (15.0 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (9.3 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (0.8 პროცენტი) სექტორებში.
2024 წლის დეკლარირებული მონაცემებით, პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) გამოშვების მოცულობამ არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში 2 720.6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 15.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. პროდუქციის გამოშვებაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა სხვა სახის მომსახურების (25.4 პროცენტი), ხელოვნების, გართობისა და დასვენების (22.1 პროცენტი), ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების (16.5 პროცენტი), განათლების (14.6 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (6.4 პროცენტი) და წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის (5.3 პროცენტი) სექტორები. 2024 წელს არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობამ 62.5 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 51.9 პროცენტი ქალია, ხოლო 48.1 პროცენტი კაცი. აღნიშნული მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით 4.2 პროცენტითაა გაზრდილი.
დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი – 24.8 პროცენტი – განათლების სექტორის ორგანიზაციებზე მოდის, 24.8 პროცენტი მოდის აგრეთვე - ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორის ორგანიზაციებზე, 13.9 პროცენტი - წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორზე, 12.7 პროცენტი - ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, ხოლო დარჩენილი 23.8 პროცენტი სხვა სექტორებზე ნაწილდება. 2024 წელს დასაქმებულთაგან დაქირავებული იყო 62.1 ათასი კაცი. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი 4.1 პროცენტითაა გაზრდილი 2023 წელთან შედარებით.
ცნობისთვის, არაკომერციული ორგანიზაციები წარმოადგენენ საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ იურიდიულ პირებს ან სოციალურ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი ინსტიტუციური ერთეულებიდან მოგების, ან ფინანსური კეთილდღეობის მიღებაზე. არაკომერციული ორგანიზაციების პროდუქციის ძირითადი ნაწილი რეალიზდება უფასოდ ან ეკონომიკურად უმნიშვნელო ფასებში. აღნიშნული არაკომერციული ორგანიზაციები იმყოფებიან თვითდაფინანსებაზე და სახსრებს ძირითადად იღებენ შემოწირულობებისა და საკუთარი წევრების შენატანების სახით. ისინი შემოსავლებს იღებენ აგრეთვე ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური და ფინანსური აქტივებიდან. არაკომერციულ ორგანიზაციებს აქვთ დამხმარე კომერციული საქმიანობის უფლება.