logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"გითლი" საერთაშორისო ონლაინ–პლატფორმა Etsy-ზე დაბრუნებას გეგმავს

"გითლი" საერთაშორისო ონლაინ–პლატფორმა Etsy-ზე დაბრუნებას გეგმავს. როგორც ნათალი ხის ფიგურების საწარმო „გითლის“ დამფუძნებელმა ლაშა არეშიძემ „ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, კომპანია აღნიშნულ პლატფორმაზე წარმოდგენილი იყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს მიმართულება შეჩერდა.

საწარმოს დამფუძნებლის ცნობით, მიმდინარე წელს "გითლი" მარაგების შევსებას აპირებს, რათა კორპორატიული სეგმენტის მოთხოვნა ახალი წლის პერიოდში სრულად დაკმაყოფილდეს, ხოლო Etsy-ზე დაბრუნება უფრო სამომავლო მიზანია.

ლაშა არეშიძის თქმით, კომპანიამ ბოლო პერიოდში ასორტიმენტი ტორშერებით (იატაკის სანათი)  გააფართოვა. მისივე ინფორმაციით "გითლის" მომხმარებლები ამ ეტაპზე ძირითადად, კერძო პირები არიან.

"გვაქვს სხვადასხვა მოდელის ტორშერი, მათ შორის, მასშტაბური ზომის, რომელიც განკუთვნილია დიდი სახლებისთვის და სასტუმროს ჰოლებისთვის და ა.შ. აღნიშნულის ღირებულება 3750 ლარს შეადგენს და მასიური ხისგან არის დამზადებული.

გარდა ამისა, გვაქვს სამზარეულოს ხის თასები და ასევე, სანათები. ჯამში დაახლოებით 12-მდე დასახელების პროდუქცია გვაქვს. ჩვენი პროდუქციის მიმართ ინტერესები იკვეთება როგორც ფიზიკური პირებისგან, ისე კომპანიებისგან.

ამ ეტაპზე, ახალი წლისთვის ვემზადებით, რადგან აღნიშნულ პერიოდში კორპორატიული შეკვეთების რაოდენობა იზრდება ხოლმე. უკვე გვაქვს გარკვეული მოლაპარაკებები, თუმცა მოთხოვნის უფრო მეტად ზრდას დეკემბერში ველოდებით. ზოგადად ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შეცვლილი მაჩვენებლებია. გაყიდვების მაჩვენებელი თითქმის ანალოგიურია"- განაცხადა ლაშა არეშიძემ. 

ცნობისთვის, ნათალი ხის ფიგურების საწარმო „გითლი“ თბილისში, წერეთლის ქუჩაზე, ე.წ მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე  მდებარეობს და მათი პროდუქციის 100% ონლაინ იყიდება.

გამოგვყევით