მწვანე ბარათის გათამაშება ფასიანი ხდება – რეგისტრაციის საფასური $1-ით განისაზღვრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკის მთავრობის ოფიციალური იურიდიული გამოცემა Federal Register ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი მოსაკრებელი მიზნად ისახავს პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების ნაწილობრივ დაფარვას და განაცხადების პროცედურის გამჭვირვალობის გაზრდას.
გარდა ამისა, მწვანე ბარათის ანკეტაში იგეგმება დამატებითი ცვლილებები. ერთ-ერთი მათგანია განაცხადის ფორმაში პასპორტის ბიოგრაფიული მონაცემებისა და შესაბამისი გვერდების სკანირების დამატება. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ინიციატივის მიზანი თაღლითობის პრევენციაა, რადგან წარსულში დაფიქსირდა შემთხვევები, როცა შუამავლები სხვა პირების მონაცემებს არაკანონიერად იყენებდნენ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, წინა წელს, DV-2025 პროგრამაზე 19 927 656 განაცხადი დარეგისტრირდა.