logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"დელიკატო", მიმდინარე წელს, თბილისში კიდევ ერთ ფილიალს გახსნის

"დელიკატო" მიმდინარე წელს, თბილისში კიდევ ერთ ფილიალს, ალექსიძის ქუჩაზე დაამატებს.

როგორც ფურშეტისა და საოფისე კვების კომპანია „დელიკატოს“ დამფუძნებელმა დავით ზაქარაიამ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, წარმოების გაფართოებამდე კომპანია სხვა დამატებითი ფილიალის გახსნას აღარ გეგმავს.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კომპანია პოლიტიკური ვითარების დასტაბილურებას ელოდება, რათა წარმოება უფრო გააფართოოს და განავითაროს.

მანვე აღნიშნა, რომ "დელიკატოს" გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 10-15%-ით არის გაზრდილი. 

"ახალი ფილიალის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 50 000 ლარს შეადგენს. ჩვენ ჯამში თბილისში 3 ფილიალი გვექნება და ჯერჯერობით, ამ კუთხით, უფრო მეტად გაფართოებას არ ვგეგმავთ. აღნიშნულის გარდა, ფურშეტების მიმართულებაც გვაქვს, რომელზედაც ასევე გაზრდილია მოთხოვნა. აღსანიშნავია, რომ  საზოგადოების ცნობიერება ფურშეტების მიმართაც შეიცვალა.

რაც შეეხება მომხმარებლებს - ჩვენი დამკვეთები არიან როგორც იურიდიული,ისე ფიზიკური პირებიც, მაგრამ ძირითადი მომხმარებლები უფრო, იურიდიული პირები არიან, რადგან მათთვის ასეთი მომსახურება უფრო კომფორტულია", - აცხადებს დავით ზაქარაია. 

ცნობისთვის, კომპანია „დელიკატო“ ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა. წარმოება თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარეობს. კომპანიაში ამჟამად, 30-მდე თანამშრომელია, თუმცა ღონისძიებების შესაბამისად, დასაქმებულათა რაოდენობა იზრდება. „დელიკატო“ თბილისში 2 კაფეს ტიპის ობიექტს ფლობს.

გამოგვყევით