"სნეილ ქეჩი" გაზაფხულიდან "ლოკოკინას მუსინის"(ლორწო) წარმოებას იწყებს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ქართულ-ნორვეგიული კომპანია „სნეილ ქეჩის“ (ნადი გრუპის) თანადამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განაცხადა, პროდუქციის 100%-ვე ექსპორტზე გაიყიდება.
მისივე ცნობით, კომპანიას უკვე აქტიური მოლაპარაკებები აქვს იტალიასთან და სამხრეთ კორეასთან, თუმცა ამ ეტაპზე, კონკრეტული ბრენდების დასახელებისგან თავს იკავებს.
"თავდაპირველად, წარმოება შეზღუდული რაოდენობით დაიწყება და მოთხოვნის შესაბამისად გავფართოვდებით. საწყის ეტაპზე, გასაყიდად ლოკოკინას ლორწოს გავიტანთ, ხოლო შემდეგ ამის გადამუშავება და ფხვნილად ქცევა მოხდება. აღნიშნული გამოიყენება კონსმეტოლოგიაში და კანის მოვლის საშუალებების დასამზადებლად. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 150 000 ევროს შეადგენს.
იტალიასთან და სამხრეთ კორეასთან აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდება. აღნიშნული ქვეყნებისთვის საქართველოს ბაზარი საინტერესოა, რადგან ევროპასთან შედარებით პროდუქცია უფრო იაფია", - განაცხადა მერაბ ნადარაიამ.
ცნობისთვის, ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხანა სენაკის რაიონის სოფელ მენჯში მდებარეობს. „სნეილ ქეჩმა“ ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხნის მშენებლობაში 2 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა. ქარხანა 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდა.