სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო ინსტიტუციური განვითარების გრანტზე საჯარო კონკურსს აცხადებს. კონკურსისთვის ბიუჯეტში ₾20 მლნ გათვალისწინებული, ერთი განაცხადის მაქსიმალური ოდენობა კი 700 000 ლარს შეადგენს.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე, თამარ ზოდელავა აღნიშნავს, კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირებს – როგორც უკვე არსებულ, ასევე ახალდაფუძნებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ. ამასთან, თამარ ზოდელავას თქმით, ყველა მონაწილეს თანაბარი შესაძლებლობა ექნება.
"მეორე საჯარო კონკურსი გვაქვს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ე.წ. ააიპების, ერთი მხრივ, ორგანიზაციულ განვითარებას, ხოლო, მეორე მხრივ, სამოქალაქო ინიციატივის მხარდაჭერას. შესაბამისად, გამომდინარე საჯარო კონკურსის მცირე გრანტებისგან, ორგანიზაციებს 2 მიზნის მიღწევის შესაძლებლობას ვაძლევთ: სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვონ, ინსტიტუციურად გაძლიერდნენ და სამოქალაქო ინიციატივები განახორციელონ.
როგორც არსებულ, ასევე ახალდაფუძნებულ ორგანიზაციებს თანაბარი შესაძლებლობები ექნებათ, თანაბრობის პრინციპი განვსაზღვრეთ. მთლიანობაში სააგენტოსთვის წელს ბიუჯეტში განსაზღვრულია ₾20 მლნ. თითოეული საგრანტო განაცხადი, ინსტიტუციური განვითარების საჯარო კონკურსისთვის 700 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, 700 000 ლარიანი საგრანტო განაცხადით თითოეულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ შეუძლია, მოგვმართოს და სახელმწიფო გრანტი მოიპოვოს", - აცხადებს თამარ ზოდელავა.
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე კონკურსის დამატებითი დეტალების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ 11 ოქტომბრისთვის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, სახელმწიფო გრანტი ვინ მოიპოვა.
"რაც შეეხება ციფრებს ძალიან დიდი მომართვიანობა იყო, კერძოდ, 403 განაცხადი შემოვიდა. საქმის წარმოებაში - 346 განაცხადი დარეგისტრირდა, ხოლო 247 დააკმაყოფილა ე.წ. ფორმალური შესაბამისობა. ნებისმიერი განაცხადი, რომელიც საბჭოს გადაეცა თანაბარი შესაძლებლობა აქვს", - აღნიშნავს თამარ ზოდელავა.
ამასთან, სააგენტოს თავმჯდომარის ინფორმაციით, კონკურსის მთავარი პრიორიტეტი სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა, რომლებიც საზოგადოებრივ სიკეთეს ქმნის.
"ჩვენ სამოქალაქო ინიციატივებს მხარს ვუჭერთ: სახელმწიფო და საზოგადოებრივი სიკეთის შემქმნელ "რაღაც" იდეას, აქედან გამომდინარე ჩვენს მანდატში, მაგალითად, ბიზნესს იდეების მხარდაჭერა არ შედის. ყველაზე მეტი განაცხადი განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობის მიმართულებითაა შემოსული", - აცხადებს თამარ ზოდელავა.
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს წარმომადგენელი სფეროს დამატებითი დეტალების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ მცირე საგრანტო კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ, ინსტიტუციური განვითარების კონკურსშიც მიიღონ მონაწილეობა, თუმცა იმავე პროექტის წარდგენა დაუშვებელია.
"ორგანიზაციები, რომლებმაც მცირე საგრანტო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, ცხადია, აქვთ შესაძლებლობა, ინსტიტუციური განვითარების საჯარო კონკურსში მონაწილეობა მიიღონ. მთავარია, რომ იდენტური საპროექტო იდეა წარმოდგენილი არ იყოს", - აცხადებს თამარ ზოდელავა.
ცნობისთვის, 2025 წლის 18 ივლისს საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები დაამტკიცა.
მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სახელმწიფო გრანტის პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა დემოკრატიული ინსტიტუტები, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები; საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება; ეკონომიკური განვითარება; განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა; სპორტის განვითარება; შრომა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა; თავდაცვა და უსაფრთხოება; რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა; სოფლის მეურნეობა; იურიდიული და პროფესიული განათლება; შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა. თითოეული მიმართულება მოიცავს მიზნობრივ პროგრამებს, რომლებიც დეტალურად არის გაწერილი საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.
„სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების“ შესაბამისად იმოქმედებს სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომლის მიზანია საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა სახელმწიფო გრანტების გაცემის გზით.
სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა მიმდინარე წელს დაინიშნა. სააგენტო ახალი სსიპ-ია.