დღეს უკვე ფურშეტით თითქმის ყველა სახის ღონისძიების მოწყობაა შესაძლებელი, მათ შორის, ქორწილის, დაბადების დღის და ა.შ, - ამის შესახებ ფურშეტისა და საოფისე კვების კომპანია „დელიკატოს“ დამფუძნებელმა დავით ზაქარაიამ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფურშეტებზე მოთხოვნა, დაახლოებით, 10-15%-ით გაიზარდა და კომპანიის შეკვეთების 80% იურიდიულ პირებზე მოდის, ხოლო 20% ფიზიკურ პირებზე.
"ფურშეტების მიმართ მოთხოვნა მზარდია. ჩვენი მომხმარებლები არიან კომპანიები, რომლებმაც უკვე ისარგებლეს ჩვენი სერვისით და ასევე, ახლები. შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნეში დამსაქმებელი კონკურენციაშია სხვა დამსაქმებელთან და ცდილობს თანამშრომლებს უკეთესი პირობები შეუქმნას.
ამ ეტაპზე, 30-მდე კომპანია სარგებლობს ჩვენი სერვისით - ზოგს მუდმივი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, ზოგს - დროებითი. მართალია პოლიტიკური ვითარება ჩვენს სექტორზე მოქმედებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ტენდენციები მაინც მზარდია. ფურშეტების მიმართ ცნობიერება გაიზარდა და იშვიათად, რომ ვინმემ არ იცოდეს რა არის ფურშეტი.
ჩვენი დამკვეთები არიან როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებიც, მაგრამ ძირითადი მომხმარებლები უფრო, იურიდიული ნაწილია, რადგან მათთვის ასეთი მომსახურება უფრო კომფორტულია. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდანაც ხშირია მოთხოვნა და შესაძლებელია, ჩვენი შეკვეთების 20% სწორედ სახელმწიფო უწყებებზე მოდიოდეს", - აცხადებს დავით ზაქარაია.
მისივე ინფორმაციით, "დელიკატოს" წარმოების გაფართოებისა და ასორტიმენტის გაზრდის კუთხით გეგმები აქვს, თუმცა ეს ყველაფერი არსებული პოლიტიკური პროცესების დასტაბილურების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ცნობისთვის, კომპანია "დელიკატო" ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა. წარმოება თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარეობს. კომპანიაში ამჟამად, 30-მდე თანამშრომელია, თუმცა ღონისძიებების შესაბამისად, დასაქმებულათა რაოდენობა იზრდება.
"დელიკატო" თბილისში 2 კაფეს ტიპის ობიექტს ფლობს და მიმდინარე წელს, დამატებით 5 ფილიალით გაფართოებას გეგმავს.