მთავრობისა და ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგად, წელს რეზერვები მილიარდ-ნახევრით გაიზარდა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, - ამის შესახებ "რიკო ექსპრესის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლაშა ნიკოლაიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე შეფასებით, ამ მომენტისთვის რეზერვების მოცულობა უკვე 5.2 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც ქვეყნის სტაბილურობას, ლარის კურსის მიმართ ნდობას მაღლა წევს და ეს დადებითად მოქმედებს ქვეყნის რეიტინგის გაუმჯობესებაზე.
„ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვან მონაპოვარს წარმოადგენს, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისთვის. წელს ლარის 30 წლის თავია და არსებობს გარკვეული დადებითი ტენდენცია, რომელიც უკვე შეიქმნა ლარის და ლარიზაციის მიმართ. მოსახლეობა დღეს, თავის დანაზოგებს უშიშრად ინახავს ლარში, რომელიც ასევე, ჩვენს ფინანსურ მონაცემებზე აისახება. დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკი საკმაოდ სწორ პოლიტიკას ატარებს ლარის მიმართ.
წლევანდელი წელი ლარისთვის ძალიან დადებითი იყო. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ წარმოდგენილი ვართ 70 ფილიალით და საკმაოდ დიდი სავალუტო ბრუნვები გვაქვს და წლევანდელი წელი მინდა შევადარო 2008 წლის ომამდე პერიოდის შემოდინებებს. ფანტასტიკური წელი იყო ვალუტის შემოდინებით, ძალიან დიდი ტურისტული ნაკადი იყო ქვეყნის შიგნით და ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობა თავის საოპერაციო თანხებს ლარში ინახავს. ადრე ყველაფერი დოლარში კონვერტირდებოდა“, - აცხადებს ლაშა ნიკოლაიშვილი.
გარდა ამისა, მან მიკროსაფინანსო კომპანიების მიმართულებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარსულში აღნიშნული სფერო ნაკლებად გამჭვირვალე იყო და მომხმარებელთა უფლებები მეტწილად კარგად დაცული არ იყო.
„ამ მომენტისთვის ძალიან ბევრი სტრუქტურა შეიქმნა და კანონმდებლობაც დაიხვეწა. ახალი რეგულაციები, რომელიც ჩვენთვის რთული იყო დაძლეულია და დღეს მიკროსაფინანსო ბაზარი აბსოლუტურად სხვა დონეზე დგას, ვიდრე ეს 2012 წლამდე იყო. დღეს ბაზარზე 29 მიკროსაფინანსო ორაგანიზაციაა, რომელთაც ბანკებთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის დაფინანსებაში და განსხვავებული სერვისების მიწოდებაში“, - აცხადებს ლაშა ნიკოლაიშვილი.