სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ენერგეტიკის სექტორი ბიზნესს, როგორც მწვანე ენერგიის განვითარების პოტენციალით, ასევე შიდა და რეგიონულ ბაზრებზე მზარდი მოთხოვნით იზიდავს.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" დავით ნარმანია აცხადებს, სფეროთი დაინტერესებული ინვესტორები საკმაოდ მრავალრიცხოვანია, ხოლო 2025 წლის 1 ოქტომბრიდან ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლა მოხდება.
"ძალიან მნიშვნელოვანი, ახალი მექანიზმია ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლა. მარტივად, რომ ვთქვათ - ახალი მექანიზმის მიხედვით, ანგარიშსწორება იქნება: ქვითარი-ქვითარზე და არა კილოვატ საათი-კილოვატ საათზე. ე.წ. განაშვთა ყოველი თვის ბოლოს გვექნება. კერძოდ, 2 თანხა ერთმანეთში გაიქვითება, პირველი სემეკის მიერ დადგენილი ტარიფი ე.წ. სამომხმარებლო ტარიფი იქნება, ხოლო მეორე ენერგიის საშუალო საბაზრო ღირებულება გახლავთ.
რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს საინვესტიციოდ საქართველოს ბიზნესს გარემოსგან საერთოდ მოწყვეტილი ვერ იქნება, რადგან ქვეყანაში არსებული ბიზნესი, სხვადასხვა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეფასებულია, როგორც ღია და თავისუფალი ბაზარი. ამასთან, ენერგეტიკის სექტორზე ზუსტად იმავე ითქმის, როდესაც მკაფიო მარეგულირებელი კომისიებია და დაინტერესებულ ინვესტორს ამ ყველაფერს აცნობ, მისთვის ყველაფერი გასაგებია. შესაბამისად, ბიზნესისთვის ენერგეტიკის სექტორი მიმზიდველია, რადგან ერთი მხრივ, მწვანე ენერგიის განვითარების პოტენციალი არსებობს, მეორე ბიზნესს გარემო მიმზიდველია და მესამე ენერგიაზე, როგორც შიდა, ასევე რეგიონული მოთხოვნა მუდმივად მზარდია", - აცხადებს დავით ნარმანია.
ამასთან, სემეკის თავმჯდომარე ნეტო აღრიცხვის საკითხსაც განიხილავს და ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული მიმართულება ფინანსურად უფრო მიმზიდველი მექანიზმი იყო, ვიდრე ნეტო დარიცხვა, რადგან ქსელურ გატარებაზე გარკვეული შეღავათები არსებობდა.
"აღნიშნული შეღავათები უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა. ახლა უკვე მზის ენერგიის პროექტების განხორციელებაზე მომუშავე ორგანიზაციებმა კვალიფიკაცია საკმაოდ აიმაღლეს - შესაბამისი ადამიანური რესურსები "გამოიზარდა", - აცხადებს დავით ნარმანია.
ცნობისთვის, ნეტო აღრიცხვა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად (რევერსულად) აღრიცხვის პროცესია, რა დროსაც წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია ერთმანეთს ქვითავს.
ნეტო დარიცხვა კი სისტემაა, რომელიც მზის პანელების მფლობელებს ელექტროენერგიის მართვაში ეხმარება. უფრო კონკრეტულად, თუ ნეტო აღრიცხვის სისტემაში წელიწადში ერთხელ ხდება გაქვითვა და ანგარიშსწორება, ნეტო დარიცხვის შემთხვევაში, ყოველთვიურად მოხდება. მომხმარებელი მის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით გადაიხდის, ხოლო ენერგია, რომელიც მისი მწვანე ენერგიის ობიექტის მიერ იქნება გამომუშავებული და ქსელში შეშვებული, მასზე კომპანიები მომხმარებელს ყოველთვიურად აუნაზღაურებენ შესაბამის თანხას.