"სნეილ ქეჩის" ლოკოკინა და ნახევარფაბრიკატები, სავარაუდოდ, ესპანეთის ბაზარზეც გაიყიდება. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ქართულ-ნორვეგიული კომპანია „სნეილ ქეჩის“ (ნადი გრუპის) თანადამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განაცხადა, აღნიშნულ ბაზართან მოლაპარაკებები აქტიურად დაიწყო.
მისივე ინფორმაციით, კომპანია ორიენტირებულია ექსპორტზე, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ლოკოკინის პროდუქციის მიმართ მოთხოვნა დაბალია.
"მოგეხსენებათ, რომ პროდუქციის გატანას ჩინეთში ვგეგმავდით, თუმცა ლოგიტიკა საკმაოდ ძვირი ჯდება და შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით აღარ ვმუშაობთ. უფრო მეტად ევროპის ბაზარზე გადმოვერთვეთ. ამჟამად, ადგილობრივი ბაზრის გარდა, ჩვენი პროდუქცია თურქეთში, საფრანგეთსა და იტალიაში იყიდება. ესპანეთთან მოლაპარაკებები ვფიქრობთ, წარმატებით დასრულდება.
ვცდილობთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის მიმართ ინტერესი გავზარდოთ, თუმცა წინა წლის ანალოგიური მაჩვენებლები გვაქვს. ქართველებისთვის ლოკოკინა არ არის ტრადიციული პროდუქტი და შესაბამისად, მოთხოვნა არ იზრდება", - აცხადებს მერაბ ნადარაია.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, მიმდინარე წელს "სნეილ ქეჩი" წარმადობის 200 ტონამდე გაზრდას გეგმავს, საიდანაც 120 ტონა, სავარაუდოდ, ნახევარფაბრიკატები იქნება.
მისი თქმით, „სნეილ ქეჩის“ პროდუქციის 98% საექსპორტო ბაზრებზე, ხოლო 2% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
ცნობისთვის, ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხანა სენაკის რაიონის სოფელ მენჯში მდებარეობს. „სნეილ ქეჩმა“ ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხნის მშენებლობაში 2 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა. ქარხანა 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდა.