საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო რუმინეთში, ქ. ბუქარესტში რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერითა და Aspen Institute Romania-ს ორგანიზებით გამართულ მე-6 ენერგეტიკულ სამიტში – Aspen Energy Summit.
პანელურ დისკუსიაზე დავით ნარმანიამ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: „ელექტროენერგიის მიწოდება და მოთხოვნა - პრაქტიკული მაგალითი საქართველოს შესახებ". სემეკის თავმჯდომარემ სამიტის მონაწილეებს გააცნო საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი მარეგულირებელი მექანიზმები. მან ხაზი გაუსვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებთან დააკავშირებს. ამასთანავე, დავით ნარმანიამ ისაუბრა ენერგეტიკული კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ, რაც მწვანე ენერგიის ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს.
ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, სემეკის წევრი გივი სანიკიძე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე და საქართველოს ელჩი რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილი.