საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა, ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) მმართველი კომიტეტისა და საერთაშორისო კომიტეტების შეხვედრები გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. შეხვედრებზე განიხილეს ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმის (WFER IX) საორგანიზაციო საკითხები და დაამტკიცეს ფორუმის დღის წესრიგი. ფორუმი, 2026 წელს ქ. თბილისში გაიმართება.
შეხვედრებში მონაწილეობდნენ ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
გიორგი ფანგანის თქმით, სემეკი სრულ მზადყოფნაშია უმასპინძლოს ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმს: „სემეკში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო ფორუმის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, ფორუმზე, რომელიც 2026 წელს თბილისში გაიმართება, სრულად წარმოვაჩინოთ საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და ღირსეულად ვუმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს. აღსანიშნავია ამ მიმართულებით საქართველოს სამთავრობო უწყებებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერა. სემეკის მიზანია, რომ ღონისძიება იყოს წარმატებული და იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ორიენტირებული, რომლებიც გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების ენერგეტიკის სექტორებშიც“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა
სემეკი, 2026 წელს, ქ. თბილისში უმასპინძლებს ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმს, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართება. ფორუმის ფარგლებში თბილისს 1000-მდე მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.
ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში. ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER), ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA). წინა წლებში ფორუმის მასპინძელი ქვეყნები იყვნენ: აშშ, იტალია, საბერძნეთი, კანადა, თურქეთი, მექსიკა, პერუ.