საქართველოში ავტოსტოპის კულტურა უკვე არსებობს, თუმცა ძირითადად არაორგანიზებული სერვისის სახით. ამ სეგმენტის ციფრულ პერსპექტივას ბაზარზე ახალი პლატფორმა hoppla უზრუნველყოფს, რომელიც მძღოლებსა და მგზავრებს ერთმანეთთან აკავშირებს და პროცესი თანამედროვე აპლიკაციის საშუალებით იმართება.
როგორც Hoppla-ს დირექტორმა და თანადამფუძნებელმა ლუკა შავიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, პლატფორმა მძღოლებს საშუალებას აძლევს განათავსონ მგზავრობის განცხადებები, თავად განსაზღვრონ პირობები – იქნება ეს უფასო მგზავრობა თუ საწვავის ღირებულების გაყოფა.
მანვე აღნიშნა, რომ Hoppla-ს პლატფორმა ბაზარზე ერთი თვის წინ გამოჩნდა, ხოლო აპლიკაციის გამოშვება მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
"პირობებს თავად მძღოლი ადგენს და შემდეგ, მომხმარებელი ირჩევს მისთვის მისაღებ განცხადებას. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სანდოობა და შესაბამისად, ყველა მომხმარებელი ID ვერიფიკაციას გადის. პლატფორმაზე მძღოლების მხრიდან განცხადების განთავსება უფასოა, თუმცა მომხმარებელი, რომელიც ჯავშნის მგზავრობას, ის პლატფორმის მომსახურების საკომისიოს იხდის, რაც ამ ეტაპზე 2.5 ლარს შეადგენს.
ჩვენს პლატფორმაზე უკვე რეგისტრირებულია 150 მძღოლი და 700-ზე მეტი მომხმარებელი. მარკეტინგული კამპანიები აქტიურად დავიწყეთ, რაც გვაძლევს იმედს, რომ აღნიშნული რაოდენობები მნიშვნელოვნად გაიზრდება", - აცხადებს ლუკა შავიშვილი.
მისივე ინფორმაციით, სტარტაპი სამომავლოდ როგორც საქართველოს ბაზრის სრულად ათვისებას, ისე კავკასიისა და ევროპის რეგიონში გასვლას გეგმავს.
"6 თვიდან აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის რეგიონში საპილოტე პროექტების გაშვებას ვაპირებთ და ადაპტაციას 1 წლის შემდეგ ვგეგმავთ. მსგავსი ანალოგი საქართველოს ბაზარზე და კავკასიის რეგიონში არ არის. ევროპაში არის blablacar-ი და აღნიშნულის ანალოგიური სერვისი იქნება hoppla”, - აცხადებს ლუკა შავიშვილი.