საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე ფასების მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია შეინიშნება. დღეისათვის, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 68 დოლარია. თუმცა, ფასი გასულ კვირებში 62 დოლარზეც იყო ჩამოსული. ანალიტიკოსების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში, ნავთობის ღირებულებამ შედარებით მოიმატა, სანავთობო ბირჟებისთვის ახლა მაინც საკმაოდ მშვიდი პერიოდია და ბოლო ერთწლიან პერიოდში ნავთობი, საშუალოდ, 10%-ით არის გაიაფებული.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ TBC Capital - ის გლობალური ბაზრების კვლევების უფროსმა რატი კალანდარიშვილმა განუცხადა, ძირითადი მიზეზი, რასაც დარგის ექსპერტები, ნავთობის ფასის სტაბილიზაციას უკავშირებენ, გაზრდილი წარმოებაა.
„როგორც იცით, მიმდინარე წლის ზაფხულში ოპეკის ქვეყნებმა გაზარდეს მიწოდება, ამიტომ, ბაზარზე სანავთობო დეფიციტის და შესაბამისად, მისი გაძვირების მოლოდინი არ არის. მეტიც, მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები ელიან, რომ წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასი, დაბალ ნიშნულზე იქნება. მაგალითისთვის, „ჯეიპი მორგანი“ ნავთობის გლობალური ფასის დასტაბილურებას 63 დოლარზე ელის, „გოლდმან საქსი“ კი - 61 დოლარზე“, - აღნიშნა TBC Capital - ის გლობალური ბაზრების კვლევების უფროსმა.
თუმცა, მისივე განმარტებით, საერთაშორისო სანავთობო ბირჟები მჭიდროდ არის დაკავშირებული მსოფლიოს გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვლენებთან, ამიტომ, თუ სამხედრო, ან სავაჭრო კონფლიქტები, რომლებიც ისედაც მიმდინარეა და არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კიდევ უფრო გამწვავდება, ამან შესაძლოა ნავთობის ფასის დამატებითი მერყეობები და ზრდა გამოიწვიოს.
რაც შეეხება საქართველოს, აქ ნავთობპროდუქტების მოხმარება და შესაბამისად, ამ პროდუქტების იმპორტი, წლიდან წლამდე მზარდია. ბოლო მონაცემების მიხედვით, კერძოდ, 2025 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში, ქვეყანაში ჯამში 929 ათასი ტონა დიზელისა და ბენზინის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8%-ით აღემატება.
ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდა, მჭიდრო კავშირშია ქვეყანაში ავტოპარკის ზრდასთან. როგორც ცნობილია, ამჟამად, საქართველოში მილიონ 900 ათასამდე ავტომობილია რეგისტრირებული და ეს მაჩვენებელი დღითი დღე იმატებს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვახტანგ იობაშვილმა განუცხადა, ნავთობპროდუქტების მოხმარების ზრდას ვერ აფერხებს ვერც საწვავზე პერიოდულად გაზრდილი ფასები.
ვახტანგ იობაშვილი ფასებთან დაკავშირებით ამბობს, რომ საქართველოში ბოლო 1 თვეა, ბენზინის ღირებულება თითქმის არ შეცვლილა, დიზელი კი 5-10 თეთრით გაიაფდა.
„თუმცა, საერთაშორისო გლობალურ ბირჟებზე მიმდინარე მოვლენებიდან და ბარელი ნავთობის ფასის კლებიდან გამომდინარე, ველოდებით, რომ უახლოეს პერიოდში, საქართველოში ბენზინი გაიაფდება. ამას ხელს შეუწყობს ისიც, რომ ბოლო დროს, ლარის კურსი დოლართან მიმართებით სიმყარეს ინარჩუნებს“, - განმარტა იობაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველო ბენზინის იმპორტს, ძირითადად, ისეთი ევროპული სახელმწიფოებიდან ახორციელებს, როგორებიცაა - ბულგარეთი, რუმინეთი, კვიპროსი, მალტა და საბერძნეთი. ვინაიდან, რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა და ის ძალაში 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით იქნება. რაც შეეხება დიზელს - მისი იმპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით კვლავ რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ხორციელდება.