მანქანის უწყლოდ რეცხვის აპლიკაცია ბაზარზე მიმდინარე წელს გამოჩნდება, - ამის შესახებ სტარტაპი WashyWashy-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ხანიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, პლატფორმა აქტიურ რეჟიმში 6 თვეა რაც მუშაობს და მოთხოვნა თვიდან თვემდე დაახლოებით, 25%-ით იზრდება.
„ჩვენი სერვისით, რომელიც მანქანის როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის უწყლოდ რეცხვას გულისხმობს, ამ ეტაპზე 300-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა. მომხმარებლებს ჩვენს პლატფორმაზე შეუძლიათ შეკვეთის გაფორმება, რის შემდეგაც ჩვენი მრეცხავი მანქანის ლოკაციაზე უახლოეს წუთებში მიდის და წყლის გარეშე რეცხავს ავტომობილს.
რაც უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო ჩვენს შესახებ, რომ მათ აღარ მოუწევთ რიგებში დგომა და დროის ფლანგვა, ჩვენს მომსახურებაზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მცირე სკეპტიციზმი ჩვენს მომსახურებაზე არსებობს, რადგან ბაზარზე ახალი ტექნოლოგიაა.
რაც შეეხება ფასებს - სედანის მანქანის რეცხვის ღირებულება 50 ლარს შეადგენს, ხოლო დიდი ჯიპების 70 ლარი. ჩვენ რეცხვის დროს ამერიკულ ბიოდეგრადირებად პროდუქციას ვიყენებთ, რაც უსაფრთხოა როგორც ადამიანისთვის, ისე ავტომანქანის ზედაპირებისთვის“, - აცხადებს გიორგი ხანიშვილი.
ამას გარდა, როგორც სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, WashyWashy-ი თბილისის სრულად ათვისების შემდეგ, საქართველოს დიდ ქალაქებში და უცხოურ ბაზრებზე გასვლას გეგმავს.
ცნობისთვის, სტარტაპი WashyWashy-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეთოთხმეტე რაუნდის გამარჯვებულია.