ონლაინ ჯავშნების პლატფორმა Bookinghub-ის აპლიკაცია ბაზარზე ოქტომბრიდან გამოჩნდება. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ლევან მესხიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აპლიკაციის შექმნის საინვესტიციო ღირებულება 100 000 ლარს შეადგენს.
"bookinghub-ი არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას სასურველი სერვისი დაჯავშნონ სხვადასხვა პროვაიდერში, როგორიც არის სტომატოლოგიური კლინიკები, ესთეტიკის ცენტრები, სილამაზის სალონები და სხვა. უკვე 200-მდე კომპანიაა bookinghub-ზე რეგისტრირებული. პროექტმა ცალსახად გაამართლა. აღნიშნულზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ონლაინ ჯავშნები ყოველ კვირეულად იზრდება.
რაც შეეხება მომხმარებლებს - ამ კუთხით, უკვე დიდი ხანია, რაც პლატფორმაზე რეგისტრირებულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა", - აცხადებს ლევან მესხიშვილი.
გარდა ამისა, bookinghub-ი ახლო მომავალში პლატფორმაზე ვაუჩერების, იგივე ფასდაკლებული სერვისების სისტემის დამატებასა და საქართველოში არსებულ მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციას გეგმავს.
ცნობისთვის, სტარტაპი Bookinghub ბაზარზე 2024 წელს გამოჩნდა და ის GITA-ს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია.