მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი კომპლექსების მშენებლობას გეგმავს ოზურგეთში, გორში, გურჯაანში, ქობულეთში, ბაღდათსა და წნორში.
ოზურგეთში, გორში და გურჯაანში 1000 მაყურებელზე გათვლილი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ქობულეთის მრავალფუნქციური კომპლექსი 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი, ხოლო ბაღდათის კომპლექსი 250 მაყურებელს დაიტევს.
პროექტების მიხედვით, კომპლექსები გააერთიანებს: მულტიფუნქციურ დარბაზებს, დიდ და საბავშვო აუზებს, სატრენაჟორო და ფიტნეს სივრცეებს. ასევე, შენობებში განთავსდება დარბაზები სხვადასხვა სპორტის სახეობებისთვის.
მრავალფუნქციური კომპლექსები ასევე მოიცავს: მედიათეკას, ქორეოგრაფიულ, სახელოვნებო, ფოლკლორის და უცხო ენების სივრცეებს, სტემ-კლუბს, მცირე სცენურ დარბაზს, ღონისძიებების მრავალფუნქციურ სივრცეს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ზონებს.
პროექტებით კომპლექსის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ავტოსადგომების, გზების, საფეხმავლო ბილიკების, რეკრეაციული ზონების და გამწვანების მოწყობა, ასევე გარე განათების, უსაფრთხოების სისტემების, წყალმომარაგების, გათბობა-გაგრილების და სახანძრო უსაფრთხოების სრულყოფილი დაგეგმარება.
ხუთი ქალაქის მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის პროექტირების კონკურსის გარდა, ბაზრის კვლევა გამოცხადებულია წნორის 200 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსის პროექტირებაზე.
აღსანიშნავია, რომ ქობულეთში, ოზურგეთსა და ბაღდათში გამოცხადებული კონკურსი იქნება ტიპიური, რაც გულისხმობს ისეთი პროექტის შექმნას, რომელიც შემდგომში გამოყენებული იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში როგორც განმეორებადი მოდელი.
მუნიციპალური განვითარების ფონდი მოუწოდებს არქიტექტორებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ბაზრის კვლევაში, რათა სწორად განისაზღვროს პროექტის ღირებულება.
ფონდისთვის მნიშვნელოვანია პროცესში დარგის სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობა, რაც უზრუნველყოფს კონკურენტული გარემოს შექმნას და პროექტის მაღალი ხარისხით განხორციელებას.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის პირობებისა და ვადების შესახებ ხელმისაწვდომია ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.