რაჭაში, ონის რაიონში მდებარე კოტეჯი "სევა ვილა" მეორე ობიექტის მშენებლობას ასრულებს და პირველ სტუმრებს მომავალ ზაფხულს უმასპინძლებს.
როგორც ტურისტული სივრცის დამფუძნებელი, თეა კოვზაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 60 000 ლარია. მისი თქმით, ზაფხულის სეზონი ცუდი არ ყოფილა, თუმცა წინა წელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა, დაახლოებით 30%-ით შემცირდა, რაც ქვეყანაში არსებულ მოვლენებს უკავშირდება.
"ქვეყანაში ცოტა არეულობა გვაქვს და ცხადია, ეს ყველაფერი ტურისტულ სექტორზე ისახება. მომხმარებლების 70%-ი უცხოელი ვიზიტორები იყო, დანარჩენი ნაწილი კი, ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიკავა. უცხოეთიდან უკრაინელები, ალბანელები, რუმინელები, პოლონელები აქტიურობენ. აზიელ ვიზიტორებს, რაც შეეხება, ჯერჯერობით, არ მყოლია. ტურისტების დიდი ნაწილი კოტეჯში დარჩენას 3-დან 6 ღამემდე ამჯობინებს. ჩვენთან ფასების დიაპაზონს, რაც შეეხება ერთი ღამის ღირებულება 150-დან იწყება და 250 ლარამდე მერყეობს", - აღნიშნავს თეა კოვზაძე.
ამასთან, ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი უშუალოდ გაყიდვების მიმართულებითაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ მომხმარებლების მოსაზიდად სოციალურ ქსელში აქტიური მარკეტინგული ჩართულობა აუცილებელია.
"მომხმარებლების დიდი ნაწილი ჩვენს შესახებ ინფორმაციას სოციალური საშუალებით იგებს. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობ, სხვადასხვა, პლატფორმებზე აქტიური ვიყო", - აღნიშნავს "სევა ვილას" დამფუძნებელი.
თეა კოვზაძის ინფორმაციით, რაჭა ტურისტებს ძალიან მოსწონთ, თუმცა ინფრასტრუქტურის პრობლემები კვლავ გამოწვევად რჩება.
"არასახარბიელო მდგომარეობაა, კერძოდ, გზის, წყლის სერიოზული პრობლემა გვაქვს. მაგალითად, აგვისტოში 2 კვირა ტურისტები ვერ მივიღე, რადგან წყალი არ გვქონდა. ელექტროენერგიას, რაც შეეხება ხშირია შემთხვევა, როდესაც ამინდის გაუარესებასთან ერთად, შუქი აღარ გვაქვს", - აცხადებს ტურისტული ობიექტის მფლობელი.
მეწარმე რაჭაში კოტეჯების ჩადგმის ტენდენციებსაც მიმოიხილავს და ხაზს უსვამს, რომ რეგიონში აღნიშნული ტურისტული ობიექტების აშენება ძალიან პოპულარულია.
"რაჭაში კოტეჯების ჩადგმა გასულ წლებთან შედარებით, საკმაოდ გაიზარდა, რადგან მომხმარებლების მხრიდან კოტეჯში დასვენებაზე დიდი მოთხოვნაა. ალბათ, იმიტომ რომ 5 ვარსკვლავიან სასტუმროსთან შედარებით, აქ დარჩენა გაცილებით იაფი ჯდება. კიდევ ერთი ფაქტორია - პირადად მე, ობიექტი ჩვეულებრივი ბლოკით მერჩია ამეშენებინა, მაგრამ ვიზიტორებისთვის რატომღაც ხის კოტეჯი გაცილებით პოპულარულია", - აღნიშნავს თეა კოვზაძე.
ცნობისთვის, რაჭაში, ონის რაიონში მდებარე კოტეჯი "სევა ვილა" ადგილობრივ ბაზარზე მესამე წელია ოპერირებს