logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"მოგზაურების ნაწილი ნაადრევი ჯავშნებისგან თავს იკავებს" - ბაზარზე ტურისტული პაკეტების გაიაფების მოლოდინია

მოგზაურების ნაწილი ნაადრევი ჯავშნებისგან თავს იკავებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ KERA TRAVEL-ის დამფუძნებელმა დავით ქუთათელაძემ განუცხადა, მიზეზი ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებული რისკებია. მისივე თქმით, მოგზაურები ელოდებიან ოქტომბრის ბოლოს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას.

„ეს ეხება ნაადრევ ჯავშნებს, თუმცა, შემოდგომა საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ და მაღალი დატვირთვა გვაქვს სექტემბერი - ოქტომბრის ჯავშნებზე. ამ სეზონზე განსაკუთრებით აქტიური, როგორც წესი, ევროპის მიმართულებებია და მოგზაურები ირჩევენ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა - იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და სხვა ევროპული მიმართულებები. ასევე გააქტიურებულია მოთხოვნა საკრუიზო მოგზაურობაზე, რაც სრულ ტურისტულ პაკეტს მოიცავს. რაც შეეხება ნოემბრის თვეს და შემდგომ პერიოდს, ჯერჯერობით, აქტიურობა ნაკლებია, როგორც უკვე გითხარით, მოგზაურები ელოდებიან ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა KERA TRAVEL-ის დამფუძნებელმა.

მან საფასო პოლიტიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ნოემბრიდან დაწყებული შემდგომი პერიოდი, დაბალ სეზონად მიიჩნევა, ამიტომ, ტურისტული პაკეტების გაიაფების მოლოდინია.

„უკვე შეინიშნება სასტუმროების გაიაფების ტენდენცია. ასევე, ავიაკომპანიების ნაწილს დაწყებული აქვს უკვე აქციები და ფასდაკლებები ავიაბილეთებზეც, ამიტომ, ნოემბრის თვეში მოგზაურობის დაგეგმვა საკმაოდ ბიუჯეტური გამოდის“, - აღნიშნა დავით ქუთათელაძემ.

მან მიმდინარე ზაფხულის სეზონიც შეაჯამა და თქვა, რომ მის კომპანიას გაყიდული ტურისტული პაკეტების რაოდენობა და ასევე შემოსავლების მოცულობა, წინა წლის ზაფხულის სამ თვესთან შედარებით, დაახლოებით, 10%-ით შეუმცირდა.

„მიზეზად გაძვირებული ტურისტული პაკეტები შეიძლება დასახელდეს. მაგალითისთვის, კვიპროსსა და თურქეთში, რომლებიც აქამდე დაბალბიუჯეტურ მიმართულებებად მიიჩნეოდა, წელს სასტუმროების ფასები მკვეთრად იყო გაზრდილი და ფაქტობრივად, ევროპული საზღვაო კურორტების სასტუმროების ფასებს უტოლდებოდა, რის გამოც, დაბალბიუჯეტური მოგზაურობის მსურველმა პირებმა, ტურისტული პაკეტების შეძენა ვერ შეძლეს“, - აღნიშნა ქუთათელაძემ.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 386 ათასამდე ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გამოგვყევით