Schuchmann Wines Georgia წელს მევენახეებისგან ყურძნის ჩაბარებას არ გეგმავს. კომპანია ღვინოს სრულად საკუთარ ვენახში მოყვანილი ყურძნით დაამზადებს. როგორც კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, Schuchmann Wines Georgia-ს მიერ წარმოებული ღვინო 25-მდე ქვეყანაში გადის.
"ჩვენთვის ხარისხი და ხარისხის კონტროლი არის ამოსავალი წერტილი. ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელსაც ელოდება მთელი მსოფლიო და არა მხოლოდ ქართული ბაზარი, შესაბამისად, მრავალმილიარდიან ბაზარზე მხოლოდ ხარისხით შეგვიძლია თავი მოვიწონოთ. 25-ზე მეტ ქვეყანაში გაგვაქვს ღვინო. ბევრი გამოწვევის გამკლავება გვიხდება, მათ შორის პირველი არის კონკურენცია. თუმცა ხარისხი უპირობოდ ზურგს გვიმაგრებს. წელს ველოდებით საკმაოდ კარგ მოსავალს ჩვენი ვენახებიდან მიღებული ყურძნით 1.5 მლნ ბოთლის წარმოება იქნება შესაძლებელი და მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს. საინტერესოა, ეროვნული პროდუქტის წარმოება და წარდგენა საერთაშორისო ბაზრებზე,"-აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.
რაც შეეხება სუბსიდირებიდან ეტაპობრივად გამოსვლის პოლიტიკას, როგორც ნუცა აბრამიშვილი აღნიშნავს, ეს ბიზნესს ლიბერალურ პირობებში ჩააყენებს.
„სუბსიდია ეს იყო სახელმწიფოს დროებითი ინტერვენცია, რომ ფინანსური სიკეთე მოხმარებოდა ფერმერს და ქართული ღვინო, როგორც უმნიშვნელოვანესი აქტივი გასულიყო მსოფლიო ბაზრებზე. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ვსაუბრობთ დროებით ინტერვენციაზე, საბოლოო მიზანს აღწევს ქმედება. წელს კი დარგს მიეცა დამოუკიდებლად ოპერირების საშუალება, რაც ბიზნესს ლიბერალურ პირობებში ჩააყენებს. თუმცა, ჩვენ სახეზე გვაქვს სხვადასხვა სახის კატაკლიზმები, მაგალითად, წინა კვირას დაფიქსირდა სეტყვა, რამაც დააზიანა ყურძენი, ამ შემთხვევაში, იმისთვის რომ არ დარჩეს ჩაუბარებელი ყურძენი სახელმწიფოს პოლიტიკა, ჩაიბაროს დასეტყვილი ყურძენი - არის გამართლებული,“-აღნიშნა ნუცა აბრამიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბი ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად ჩაიბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.
ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.