"ყურძნის სუბსიდირება სოციალური პროექტია დაწყებიდან-დღემდე და არანაირი კავშირი მას მეღვინეობასთან, ჩემი პირადი შეფასებით, არ აქვს" - ამის შესახებ, “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში, სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარემ შალვა ხეცურიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით ცვლილებებს მიესალმება და იმედოვნებს, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა საერთოდ აღარ იქნება.
"რა დააშავა იმ ხალხმა, ვისაც ვაშლი ან მანდარინი მოჰყავს. იმედი მაქვს, რომ წელს მიღებული გადაწყვეტილება არის ზუსტად იმისკენ მიმართული, რომ დამთავრდეს სუბსიდირება და არ ვიფიქროთ მხოლოდ ხარისხიან თუ უხარისხო ყურძენზე. კარგია ხარისხის დიფერენცირება, თუმცა, როდესაც ინდუსტრიაში სახელმწიფოა მოთამაშე, რთულია, განსაკუთრებით ფასების რეგულაციის ნაწილში,"-ამბობს ხეცურიანი.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბი ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად ჩაიბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.
ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.