ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრის, ელენე ლაგვილავას ინფორმაციით, ენერგეტიკის დარგში ახალგაზრდა პროფესიონალების ნაკლებობაა.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" საბჭოს წევრი აღნიშნავს, სკოლის მოსწავლეებისთვის დარგი თითქმის უცნობია.
"ზოგად განათლებასთან ერთად მოსწავლეებს კონკრეტულ დარგებზე ხელმისაწვდომობა აუცილებლად უნდა ჰქონდეთ. დარგის პროფესიონალების მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ სკოლის მოსწავლეები ენერგეტიკის დარგს, ზოგადად პროფესიას საერთოდ არ იცნობენ. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე კლასებში შევედით - გვინდა ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივა სკოლის მოსწავლეებამდე, რაც შეიძლება ახლოს მივიტანოთ", - აცხადებს ელენე ლაგვილავა.
ამასთან, გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" მეორე სტუმარმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, ქეთევან ქუთათელაძემ ხაზი გაუსვა, რომ სასწავლო ობიექტის მთავარი მიზანი დარგისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებაა.
"ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან ერთად ვცდილობთ სკოლის მოსწავლეებს ყველაფერი დეტალურად გავაცნოთ - ინტერაქტივი მათ საშუალებას აძლევს, აღნიშნული პროფესია გაიაზრონ. წელს ვფიქრობთ სტუდენტების ჩართულობით განვახორციელოთ პროექტი - "ენერგო ელჩები". კერძოდ, ჩვენს სტუდენტებს სპეციალური პროგრამით მოვამზადებთ და არდადეგების პერიოდში ისინი თავიანთ სპეციალობას პროპაგანდას გაუწევენ", - აღნიშნავს დეკანი.
ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი ენერგეტიკის მიმართულებით დასაქმების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებს დასაქმების 100%-იანი შანსი აქვთ.
ამასთან, ქეთევან ქუთათელაძის ინფორმაციით, ინტერესი პროფესიული პროგრამების მიმართ არანაკლებია, ვიდრე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.
"ტექნოლოგიურ ცვლილებებს, რაც მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს გვინდა, მხარი ავუბათ, მაგალითად, განახლებადი ენერგია, მზის სადგურები და ა.შ. პროფესიული პროგრამების მიმართულებით ყოველთვის კონკურსი ტარდება. ამჟამად, შესაბამის ექსპერტებთან ერთად, ენერგო აუდიტის პროფესიული პროგრამის მომზადებაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, მჭიდრო კომუნიკაციებით (სხვადასხვა, მხარის ჩართულობით) გამოწვევები წარმატებით დავძლევთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების დონე ამაღლდეს", - აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი.
ცნობისთვის, "ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი" 2022 წლის 4 თებერვალს დაარსდა.
ცენტრის დამფუძნებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ), რომელსაც 2021 წლის 22 დეკემბერს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად განესაზღვრა დამატებითი უფლებამოსილება საგანმანათლებლო მიმართულებით.