ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბანში ახალი სკოლის პროექტირებაზე.
კონკურსი ითვალისწინებს არანაკლებ 200 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტის შექმნას, რომელიც შემდგომში, სხვადასხვა რეგიონში გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი დამატებით 10 ობიექტზე.
სკოლაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უნდა მოეწყოს საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები.
გარდა ამისა, მოსწავლეებისთვის შენობაში განთავსებული იქნება სპორტული დარბაზი და მრავალფუნქციური სივრცე, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოთახი, ეზოში კი გათვალისწინებულია სათამაშო მოედნის მოწყობა.
ინფრასტრუქტურა სრულად იქნება მორგებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე, რაც უზრუნველყოფს მათთვის ხელმისაწვდომ და ინკლუზიურ საგანმანათლებლო გარემოს.