საქართველოში სარკინიგზო საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის მფლობელების უსაფრთხოების ავტორიზაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის შეფასებით, სარკინიგზო ტრანსპორტის მიმდინარე რეფორმა რეგიონში უპრეცედენტოა და მიზნად ისახავს ეროვნული კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზებას, მათ შორის, უსაფრთხოების ნორმებთან მიმართებაში.
სარკინიგზო ტრანსპორტის რეფორმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობს. რეფორმის ფარგლებში, 2025 წლიდან სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან დაშვებისთვის უსაფრთხოების სერტიფიკატის ფლობის ვალდებულება, ხოლო ინფრასტრუქტურის მენეჯერებს სარკინიგზო უსაფრთხოების ავტორიზაციის ფლობის ვალდებულება წარმოეშვათ.
უსაფრთხოების ავტორიზაციას/სერტიფიკატს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო გასცემს - განცხადებების განხილვის ეტაპზე, სააგენტო აფასებს, თუ რამდენად შეუძლია სარკინიგზო საწარმოს სარკინიგზო უსაფრთხოებისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესრულება და მისი უწყვეტი დაცვა ავტორიზაციის ფლობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ყველა ასეთ კომპანიას წარმოეშვა ვალდებულება, მოემზადებინათ და თავიანთ ორგანიზაციაში დაენერგათ სარკინიგზო უსაფრთხოების მართვის სისტემა, რაც კარგად აპრობირებული საერთაშორისო და ევროპული პრაქტიკაა.
„სარკინიგზო საწარმოების და ინფრასტრუქტურის კომპანიების სერტიფიცირება - ავტორიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეფორმის ფარგლებში. სარკინიგზო უსაფრთხოების სისტემის გამართული ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის და შესაბამისად, ეკონომიკის კიდევ უფრო მეტ განვითარებას“, - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.
2025 წლის განმავლობაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირების უფლებისთვის სააგენტოში 142 განაცხადი შევიდა. ამ დროისთვის, უკვე შეფასდა 137 ობიექტი და 28 ავტორიზაცია გაიცა, 72 კი გაცემის ბოლო ეტაპზეა. უსაფრთხოების ავტორიზაციის პროცესით სრულდება სარკინიგზო ტრანსპორტის რეფორმის 1-ელი ფაზა.
„საქართველოს სარკინიგზო სისტემის უსაფრთხო და გამართულ ფუნქციონირებას უდიდესი როლი ენიჭება, მით უფრო, რომ ქვეყანა ჩართულია ისეთ საერთაშორისო მარშუტებში, როგორიც შუა დერეფანია“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
უსაფრთხოების სერტიფიცირების/ავტორიზაციის მინიჭების შემდგომ სააგენტო სარკინიგზო საწარმოს/ინფრასტრუქტურის მენეჯერის, მათ შორის მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის ობიექტებზე გეგმიურ და არაგეგმიურ ზედამხედველობას განახორციელებს. ახალი სისტემის ამოქმედება გააუმჯობესებს სარკინიგზო უსაფრთოხების დონეს და მნიშვნელოვნად აამაღლებს მის კონკურენტუნარიანობას.