კომპანია "არტ-ფიმფო", რომელიც ინდივიდუალურ ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს ფართოვდება. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ბიზნესს სივრცის დამფუძნებელი, ნათია აბაზაძე აღნიშნავს, საახალწლოდ ახალი სტენდი თბილისში, East Point-ში გაიხსნება.
მეწარმის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდული პროდუქციის რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, რასაც მუდმივ განვითარებას და კმაყოფილ მომხმარებელს უკავშირებს.
ნათია აბაზაძე უშუალოდ ნედლეულის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ პროდუქციის მასალა ქართულია.
"ძირითადად ხელნაკეთი ნივთები გვაქვს, კერძოდ, მოხატული თეფშები, სუფრები, კერამიკა, თავსაბურავები, რომელსაც ინდივიდუალურად ვქმნით. მარტივად, რომ გითხრათ, თითო-თითო ესკიზი გვაქვს, ამიტომ უნიკალურობას ვინარჩუნებთ. ჩვენი სუფრები ძირითადად სუბლიმაციური ესკიზია - ქსოვილზე, სხვადასხვა, სახის ესკიზი სუბლიმირებულად გადადის. ასევე მეორე მიმართულებაც გვაქვს - "შენი დეკორი" სადაც ქალბატონებისთვის წარმოდგენილია: სხვადასხვა, სახის აქსესუარები, მაგალითად, პატარა საფულეები. მაღალი ხარისხის პროდუქცია გვაქვს, ჩვენი სუფრები წყალგაუმტარია", - აღნიშნავს მეწარმე.
ნათია აბაზაძე უშუალოდ მომხმარებლების რაოდენობაზეც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ მყიდველების დიდი წილი ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდის.
"რეგიონების მიმართულებას რაც შეეხება, ქუთაისში და ბათუმში ვართ წარმოდგენილი. თბილისში, ახალი სტენდის გახსნის საინვესტიციო ღირებულება რამდენი იქნება ვერ დაგიკონკრეტებთ. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა, რადგან მათ კეთილგანწყობაზე მუდმივად ვმუშაობთ. თვეში დაახლოებით, რამდენი საცალო ნივთის რეალიზაცია ხდება კონკრეტული ციფრის დასახელება გამიჭირდება, რადგან აღნიშნული მაჩვენებელი მუდმივად ცვალებადია. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ მცირე მოგება გვაქვს და აქცენტს გაზრდილ, კმაყოფილ მომხმარებელზე ვაკეთებთ. ამასთან, სოციალური ქსელის მიმართულებით, რომ გესაუბროთ META-ს ოფიციალური ლოგო მოგვენიჭა, შესაბამისად, ყველანაირად სანდო კომპანია ვართ და მომხმარებლები ამ ყველაფერს გრძნობენ.
პროდუქციის ფასის დიაპაზონს რაც შეეხება, მაგალითად, ჩვენთან ყველაზე დიდი სუფრა 59 ლარი ღირს, რაც ვფიქრობ, საკმაოდ ბიუჯეტურია. მომხმარებლების 95%-ი ადგილობრივი მოსახლეობაა, დანარჩენი წილი კი, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე მოდის", - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, კომპანია "არტ-ფიმფო", რომელიც ინდივიდუალურ ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს ადგილობრივ ბაზარზე 2 წელია ოპერირებს.