„ჩვენი სამინისტრო იქნება ყველა ინვესტორის ყველაზე ერთგული მხარდამჭერი - იქნება ეს მცირე, საშუალო თუ მსხვილი ინვესტიცია“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო და ბიზნესის სექტორების წარმომადგენლებმა. კონფერენცია სახელწოდებით „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა: მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გახსნა.
კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ეკონომიკის მინისტრმა ვრცლად ისაუბრა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ამ კუთხით მთავრობის ძალისხმევას, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ბიზნესს, მათ შორის, ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებასა და შემცირებაში.
„ჩვენ ვქმნით ახალ ფორმატს, „ერთი ფანჯრის პრინციპს“ იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს კერძო სექტორის კოორდინაცია სხვადასხვა სამინისტროებთან. ეკონომიკის სამინისტრო იქნება თქვენი მხარდამჭერი, რომ სწრაფად, კონკრეტულ ვადებში მიიღოთ უკუკავშირი და არ გქონდეთ შეფერხება ამ კუთხით“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.