logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"საქართველოს საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია რეგიონში და ევროკავშირში" – ალექსანდრე ძნელაძე

საქართველოს საბანკო სექტორი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მდგრადია როგორც რეგიონში, ისე ევროკავშირის მასშტაბით, – ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისი თქმით, სექტორმა 100 მლრდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ბანკების მოგებამ მხოლოდ 8 თვეში 2 მლრდ ლარს მიაღწია. ძნელაძის შეფასებით, არსებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის საბანკო სისტემა ჯანსაღია.

"საბანკო სექტორში მოგების მაღალი მაჩვენებელი ნარჩუნდება. დღეს, არა ერთი ექსპერტი და საერთაშორისო ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და სტაბილურია.

არსებულ გამოწვევებს ვუმკლავდებით და იმ პოტენციურ რისკებსაც ვანგარიშობთ, რომელიც შესაძლებელია მომავალში იყოს. ეკონომიკის ზრდა საბანკო სექტორის ზრდის და სტაბილურობის პირდაპირპროპორციულია.

რაც შეეხება ვადაგადაცილებებს - საბანკო სისტემა არის ჯანსაღი და არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროკავშირის მასშტაბითაც ერთ-ერთი მინიმალური მაჩვენებელი გვაქვს.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ დეპოზიტების დაზღვევის მაჩვენებელიც იზრდება. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს - მონეტარული პოლიტიკის მაღალ დონეზე შენარჩუნება საკრედიტო პორტფელის მაღალ პროცენტზე შენარჩუნებას იწვევს, მაგრამ წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთების გარკვეულ შემცირებას ველოდებით. დღევანდელი მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადეპოზიტო პორტფელის ზრდის ტემპი უკვე უტოლდება საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპს და ეს ხელშემწყობი ფაქტორი აღარ არის იმისთვის, რომ საპროცენტო განაკვეთი გაიზარდოს.

გამოწვევებთან დაკავშირებით 2 ფაქტორს გამოვყოფ. წლის ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივზე მცირედით მაღალი იქნება, რაც რისკია და აქედან გამომდინარე, რეფინანსირების განაკვეთთან ან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან მკვეთრ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. სავარაუდოდ, შემცირებასაც არ უნდა ველოდოთ წლის ბოლომდე.

მეორე გამოწვევაა ლარიზაციის მაჩვენებელი, რაზედაც მიგრაციის ნაწილმა უკუეფექტი იქონია, თუმცა 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს. არსებობს გარკვეული რისკები, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ლარიზაციის პროცესი კიდევ უფრო კარგად განვითარდება 2026 წელს”, - აცხადებს ძნელაძე.

ცნობისთვის, ბანკების მოგებამ, 8 თვეში, 2 მლრდ ლარს გადააჭარბა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების ოდენობამ 67 მლრდ ლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით, 642 მლნ ლარით მეტია. ხოლო სესხების წლიურმა ზრდამ 15% შეადგინა.

გამოგვყევით