აღნიშნული მექანიზმი აღარ არის ჯანსაღი, არ მუშაობს სწორად, - ასე გამოეხმაურა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ინფრასტრუქტურის მინისტრი მთავრობის მიერ, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის ე.წ „თეთრი სიით“ მინიჭებული პრეფერენციების შესაძლო გაუქმების საკითხს.
რევაზ სოხაძე დეტალურად განმარტა, თუ რას ნიშნავს „თეთრი სია“.
"ე.წ თეთრი სია - ეს არის კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც ამ სიაში გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხვდნენ. ეს კომპანიები სარგებლობენ ძალიან ბევრი ბენეფიტით სახელმწიფოს მხრიდან. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი არის საავანსო თანხის გადახდის დროს, ავანსის გარანტიის წარმოდგენა. დღევანდელი მონაცემებით, თუ კომპანია იღებს პირობითად, 20%-იან ავანსს, მას შეუძლია მხოლოდ საბანკო გარანტია წარმოადგინოს 10%-ზე და დანარჩენი 10% ჰაერშია, ანუ არ არის არაფრით უზრუნველყოფილი და ეს არის თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს რისკი. დღეს გვაქვს ძალიან ბევრი კონტრაქტი, როდესაც ათეულობით მილიონობით ლარი არის არაფრით უზრუნველყოფილი. სახელმწიფოს გადახდილი აქვს, სამუშაოები კი არ არის შესრულებული და დღეს, ჩვენ რომ გავწყვიტოთ ამა თუ იმ კომპანიასთან კონტრაქტი იმის გამო, რომ ის თავის ვალდებულებებს ვერ ასრულებს, მოგვიწევს უკვე ამ თანხაზე ცალკე დავა და კითხვის ნიშნის ქვეშ არის, შევძლებთ თუ არა ამის ამოღებას. საკმარისად ბევრია ასეთი შემთხვევა, რომ სახელმწიფოს ეფიქრა „თეთრი სიის“ გაუქმება“, - აღნიშნა მინისტრმა.
სოხაძის განმარტებით, თავის დროზე „თეთრი სიის“ მექანიზმი შეიქმნა იმიტომ, რომ ბიზნესი წაეხალისებინა, თუმცა მისივე შეფასებით, ამან მიიღო უკვე საკმაოდ არასწორი ფორმა.
„არსებობს კომპანიები, რომლებიც გარკვეულწილად პირამიდაში იყვნენ შესულები. ისინი იგებდნენ ტენდერებს, იღებდნენ საავანსო თანხას, შემდგომში ამ თანხას არამიზნობრივად ხარჯავდნენ, უკვე შემდეგ იმ ტენდერის გამო, რომელიც უკვე გაპრობლემდა, ახალ ტენდერში იღებდნენ მონაწილეობას და ხშირ შემთხვევაში, დემპინგური ფასებით შედიოდნენ ამ ტენდერში. ოღონდ მთავარი ის კი არ იყო, რომ ახალი პროექტი დაესრულებინათ, არამედ ის, რომ ავანსი აეღოთ და წინა პროექტი ჩაეხურათ. ამ შემთხვევაში დაზარალებული ვართ ჩვენ - სახელმწიფო და მოსახლეობა იმიტომ, რომ ეს ეხება კონკრეტულ პროექტებს - სკოლას, ბაღს, ხიდს, გზას და ა.შ,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს საქართველოს პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა. მხარეებს შორის შეხვედრის მთავარი თემა "თეთრი სიის" საკითხი იყო, სადაც მისი გაუქმება, თუ დახვეწის შესაძლებლობები განიხილეს.
ცნობისთვის, ე.წ. თეთრი სია წარმოადგენს სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებული მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით. კერძოდ, საუბარია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №2 ბრძანებაზე, რომელიც 2016 წლის 26 თებერვალს გამოიცა და ამოქმედდა 2016 წლის 1 მარტიდან. აღნიშნულ დოკუმენტში საუბარია, "თეთრი სიის" წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ.