„პირველ რიგში, თუ ვინმეს ინტერესია საქართველოში ძლიერი ბიზნესის არსებობა, ეს ვართ ჩვენ, ხელისუფლება და განსაკუთრებით ჩვენი სამინისტრო“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.
მისი თქმით, იყო გარკვეული მცდელობა, რომ სხვადასხვა ბარიკადებს მიღმა აღმოჩედნილიყო ხელისუფლება და ბიზნესი.
„ეს ნამდვილად ასე არ არის. თუ ვინმეს ინტერესია საქართველოში ძლიერი ბიზნესის არსებობა, ეს ვართ ჩვენ, რადგან ისინი არიან იმ სფეროს წარმომადგენლები, ვისი მეშვეობითაც ის მრავალი პროექტი უნდა განვახორციელოთ, რომელიც დაანონსებული აქვს პრემიერ-მინისტრს, მთავრობას და ბიზნესის გარეშე ჩვენ ამას ვერ განვახორციელებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი იყოს ძლიერი და მათ შეეძლოთ იმ დაკვეთის შესრულება, რაც ჩვენ გვექნება“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მისივე განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სამართლიანი თამაშის წესები ყველა ტიპის ბიზნესისთვის.
„პირველ რიგში, ჩვენ როდესაც სახელშეკრულებო საკითხებს განვიხილავთ და ხელშეკრულებებზე ვმსჯელობთ, ამა თუ იმ პროექტზე როგორი ხელშეკრულება უნდა დაიდოს, ჩვენ ვუყურებთ როგორც ჩვენ ინტერესს, როგორ ვიყოთ მოქნილები როგორც სახელმწიფო და ამასთან, ვცდილობთ, ეს ხელშეკრულება არ იყოს კაბალური ბიზნესისთვის. მე მინდა სახელმწიფო ინტერესს გავუსვა ხაზი - მაგალითად, როდესაც შენდება ნებისმიერი ობიექტი და ჩვენ ვნახულობთ, რომ სამშენებლო პროცესში არის სერიოზული ხარვეზები, მათ შორის, ხარისხთან მიმართებით, ჩვენ უნდა ვიყოთ მოქნილები, რომ ეს ხარვეზები აღმოიფხვრას. თუ რომელიმე ბიზნესის წარმომადგენელს ეს არ ძალუძს, ჩვენ სწრაფად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ეს კომპანია ჩავანაცვლოთ“, - განმარტა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
მან სახელმწიფო ბიუჯეტის სწორად ხარჯვის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი სამინისტროს ამოცანა არის, რომ სახელმწიფოს ინტერესი დავიცვათ მაქსიმალურად და სახელმწიფოს ინტერესის დაცვა, ამ შემთხვევაში, გულისხმობს ხალხის ინტერესის დაცვას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვმართავთ ბიუჯეტის საკმაოდ მსხვილ პორტფელს, ეს არის ხალხის ფული, რომელიც უნდა დაიხარჯოს საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული თეთრი იხარჯებოდეს სწორად და ეფექტიანად. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მაქსიმალური ყურადღება იქნება გამახვილებული ხარისხზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მიზანი არ არის რომ ავაშენოთ რაღაც კონკრეტული შენობა, ჩვენი მიზანია, რომ ეს შენობა, რომელსაც ავაშენებთ იყოს ხარისხიანი, მედეგი და ათწლეულების განმავლობაში თავისი ფუნქცია შეასრულოს“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა „ბიზნესპარტნიორში“.
მისივე თქმით, სახელმწიფო ინტერესის დაცვა მნიშვნელოვანია, რადგან აქ საუბარია ხალხის ფულზე.