logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"თეთრი სიის" გაუქმებით, ქვეყანაში პროექტების განხორციელება გაჭირდება - ზვიად თოიძე

კომპანია „ინსის“ გენერალური დირექტორი ზვიად თოიძე მიიჩნევს, რომ „თეთრი სიის“ გაუქმება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას შეაფერხებს.

თოიძე აცხადებს, რომ „თეთრი სია“ არ უნდა გაუქმდეს, თუმცა მისი მოდიფიცირება უნდა მოხდეს.

"ამ ეტაპზე ძალიან ადვილია, კომპანიამ „თეთრ სიაში“ თავისი ადგილი მიიღოს და ეს ასე არ უნდა იყოს. კომპანია „თეთრ სიაში“ რომ გაწევრიანდეს, უფრო მეტ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. სიის ერთბაშად გაუქმება კი, გამოიწვევს პროდუქტიულობის დაკარგვას. პირობითად, დღეს თუ კვალიფიციურ სამშენებლო კომპანიებს შეუძლიათ 2 მილიარდის ღირებულების  პროექტების განხორციელება, ეს პროდუქტიულობა მინიმუმ 50%-ით დაეცემა. იმ შემთხვევაში კი, როცა სახელმწიფო, პირიქით მოწადინებულია, უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს და იგეგმება კიდეც უამრავი პროექტი, „თეთრი სიის“ ცალსახად გაუქმებით, ამ პროექტების შესრულება გაჭირდება“, - აცხადებს ზვიად თოიძე „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს საქართველოს პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა. მხარეებს შორის შეხვედრის მთავარი თემა "თეთრი სიის" საკითხი იყო, სადაც მისი გაუქმება, თუ დახვეწის შესაძლებლობები განიხილეს.

ცნობისთვის, ე.წ. თეთრი სია წარმოადგენს სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებული მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით. კერძოდ, საუბარია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №2 ბრძანებაზე, რომელიც 2016 წლის 26 თებერვალს გამოიცა და ამოქმედდა 2016 წლის 1 მარტიდან

აღნიშნულ დოკუმენტში საუბარია, "თეთრი სიის" წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ.

გამოგვყევით