"ბოლო 4 წლის ჭრილში, ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 9.4%-ით იზრდება, რაც ძალიან მაღალია,"- ამის შესახებ “ნოვას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად აბულაძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ეს იმის ხარჯზე, რომ ვითარდება ბიზნესი და რა თქმა უნდა, გარშემო პოლიტიკურმა სიტუაციამაც გამოიწვია. მოსალოდნელი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, 7% დააანონსა EBRD-მა და ეს ძალიან კარგია, რომ ამხელა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ამას ამბობს. მე მგონი, რომ 7%-ით კი არა, 8%-ითაც გაიზრდება.
პრემიერს საკმაოდ საქმიანი საუბარი ჰქონდა, რაც ძალიან მომეწონა. რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ის ქვეყანაში ძალიან კარგია, ეს მე რომ არ ვთქვა, ამას ადასტურებს ყველა კვლევა, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, რეგიონში და ევროპის მასშტაბით ზრდა ერთ-ერთი საუკეთესო გვაქვს. თუმცა, ეს ზრდა რომ შენარჩუნდეს, არსებულ გამოწვევებს დროული და ადეკვატური პასუხი სჭირდება,"-აცხადებს აბულაძე.
მისივე განცხადებით, ბიზნესისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სიმშვიდე და სტაბულურობაა.
"ბიზნესგარემოზე ნებისმიერი არასტაბილური პოლიტიკური რყევა გავლენას ახდენს. ზოგადად, ქვეყანაში სიმშვიდე და სიწყნარე ბიზნესისთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი. ეს ცალსახად არის, ამას ნებისმიერ ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენთვის. პოლიტიკურ განცხადებებს, მე ვერ გავაკეთებ... ბიზნესისთვის პრობლემა არის ყველაფერი ის, რაც ქვეყანაში არასტაბილურ სიტუაციას შეეხება ზოგადად",- ამბობს ბიზნესმენი.
ჟურნალისტის კითხვაზე - ქვეყანაში ბანკების მხრიდან დაკრედიტება შემცირებულია თუ არა, "ნოვას" სამეთვაყურეო საბჭოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი სფერო არის საბანკო სფერო.
"მათ შორის, ორი უძლიერესი ბანკი, რომელიც გასულია ფარგლებს გარეთაც და იქაც აკრედიტებს ბიზნსებსა თუ ფიზიკურ პირებს. თუ 15-20 წლის წინ, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, დღეს ნებისმიერი ბიზნეს გეგმა, რომელიც არის ჩარჩოებში და ლოგიკური გამოსავლიდან გამომდინარე ხვალ იქნება შედეგიანი, ამის დაფინანსების პრობლემა ქვეყანაში არ არის,"-აცხადებს აბულაძე.
ცნობისთვის, დღეს, 26 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.