საქართველოს დედაქალაქი, ჰონგ-კონგში გამართულ საავიაციო ფორუმზე Routes Awards 2025 ყურადღების ცენტრში მოხვდა, როგორც ბრიტანული ავიაკომპანიის easyJet-ის ავიაქსელში ერთ-ერთი ახალი წამყვანი მიმართულება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
easyJet-ი ავიაქსელის სტრატეგიული გაფართოებითა და 2025 წელს ახალი მიმართულებების დამატებისთვის, Routes Award 2025-ის ჟიურიმ მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა.
Routes Award-ის ჟიურიმ, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი აეროპორტებისა და საავიაციო ინდუსტრიის გადაწყვეტილების მიმღები პირები იყვნენ, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ბრიტანული ავიაკომპანიის ახალ სტრატეგიულ მიმართულებებზე გააკეთეს, რომელთა შორისაა საქართველოს დედაქალაქი - თბილისი.
პირველი რეისი საქართველოს მიმართულებით ბრიტანულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ მიმდინარე წლის 31 მარტს შეასრულა. easyJet-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას წინ ხანგრძლივი, ინტენსიური მოლაპარაკებები უძღვოდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით.
ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან ჯამურად კვირაში 6 სიხშირით ასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოსთვის EasyJet-ის ქსელში ჩართვა ნიშნავს: პირველ პირდაპირ საჰაერო კავშირს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის, პირდაპირ კავშირს ბრიტანეთთან და იტალიასთან. აგრეთვე საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების ზრდას და ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას რეგიონის ერთ-ერთი წამყვან ტურისტულ მიმართულებად.
თბილისის მიმართულების დამატება დადებითად შეფასდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მედია საშუალებების მიერ. მათი შეფასებით, „თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, შუა საუკუნეების კლასიკური და შერეული არქიტექტურით, სადაც ტურისტებს შეუძლიათ ისეირნონ, ესტუმრონ პატარა კაფეებს, მოინახულონ ტაძრები, ავიდნენ მთავარ არქიტექტურულ ღირშესანიშნაობაზე - IV საუკუნით დათარიღებულ ნარიყალას ციხესიმაგრეზე, საიდანაც დედაქალაქზე ულამაზესი ხედები იშლება“.
წელს ავიაკომპანია იუბილარია. Easyjet 30 წლის წინ დიდ ბრიტანეთში დაფუძნდა. ავიაკომპანია 35 ქვეყანაში, 1100-ზე მეტი მიმართულებით ოპერირებს.