მიმდინარე წელს, QooQy Bakery თბილისში კიდევ ერთ ფილიალს გახსნის, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" QooQy Bakery-ის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად, ლოკაციის მოძიება მიმდინარეობს.
"ივნისში, ბათუმში, კობალაძის 4 ნომერში ახალი საწარმო და პირველი ბრენდული მაღაზია გავხსენით. აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 0.5 მლნ ლარს შეადგენდა. გარდა ამისა, თბილისის ვაჟა-ფშაველას ფილიალში დილის საუზმეს ვამატებთ და ამით, ჩვენს ასორტიმენტს ვაფართოებთ. ახალი ფილიალიც ამ კონცეფციის იქნება. ახალი ფილიალისთვის და გადაიარაღებისთვის, დაახლოებით, 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება", - აცხადებს ილია გეფერიძე.
კომპანიის დამფუძნებლის ცნობით, HoReCa სექტორის მხრიდან ინტერესი მაღალია, თუმცა QooQy Bakery პარტნიორებს თავად არჩევს. ამჟამად, კი კომპანიის გაყიდვების 30% HoReCa სექტორზე მოდის.
ცნობისთვის, QooQy Bakery-ს პირველი ფილიალი თბილისში 2021 წლის 17 ივლისს გაიხსნა. ამ ეტაპზე კომპანია 5 ფილიალით არის წარმოდგენილი.