logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფი, ფაქტობრივად, უკვე იმ ნიშნულზეა, რომელზეც წითელი ზღვის კრიზისის დაწყებამდე იყო"

გადაზიდვების სექტორში ფასები დასტაბილურდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“  Kairos logistics-ის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა  განუცხადა, დღეისათვის, 40 ფუტიანი კონტეინერის რკინიგზით გადაზიდვის თანხა 7000 დოლარს შეადგენს, საზღვაო გადაზიდვების ფასი კი, იმავე მოცულობის ტვირთის შემთხვევაში, 3000 დოლარია.

„ფასების სტაბილიზაცია ბოლო 3 თვეა შეინიშნება. მეტიც, საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფი ფაქტობრივად, უკვე იმ ნიშნულზეა, რომელზედაც წითელი ზღვის კრიზისის დაწყებამდე იყო. კერძოდ, 2024 წლის იანვრამდე, 40 ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვა, სწორედ 3000 დოლარი ჯდებოდა. თუმცა, კრიზისის დაწყების შემდეგ, გვახსოვს, რომ ფასი 9000 დოლარსაც აღწევდა. რაც შეეხება რკინიგზას, ამ კუთხით, ფასები მანამდეც მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო“, - აღნიშნა ნამადოვმა.

მან ფასებთან დაკავშირებულ პროგნოზებზეც ისაუბრა და თქვა, რომ საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფები, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გაიზრდება, რადგან საშემოდგომოდ გადაზიდვების სფერო განსაკუთრებით აქტიურდება, შესაბამისად, რაც უფრო დიდია მოთხოვნა და ნაკლები ადგილი რჩება გემზე, ფასები იზრდება. რკინიგზის კუთხით კი, ნამადოვი გადაზიდვის ფასების ზრდას ნაკლებად ვარაუდობს.

რაც შეეხება, თავად გადაზიდვების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, აქ ბოლო მონაცემების მიხედვით, კლება შეინიშნება. კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 9.4 პროცენტით ნაკლები, სულ 3 მილიონ 200 ათასი ტონა ტვირთი. შემცირებულია ტვირთები პორტებშიც - წლის მეორე კვარტალში, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. თუმცა, Kairos logistics-ის გენერალური დირექტორის განმარტებით, ეს არ არის საგანგაშო კლება და ამ ინდუსტრიისთვის, შემოდგომის სეზონი მაღალი დატვირთვით დაიწყო.

გამოგვყევით