საქართველოში ფუნქციონირება პირველმა ავტორიზებულმა სურსათის ბანკმა დაიწყო. ორგანიზაცია „ენკენია“ სურსათს, რომლის ვადის გასვლამდეც ცოტა დროა დარჩენილი, ან მისი შეფუთვაა დაზიანებული, გაჭირვებულ მოსახლეობას გადასცემს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ენკენიას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ნანა ოლქიშვილმა განუცხადა, პირველი სურსათის ბანკის სლოგანი „ერთად შიმშილის წინააღმდეგაა“.
„გვიხარია, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ - სახელწოდებით „ენკენია“, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან საქმიანობს, მოახერხა, რომ ახალი კანონმდებლობის ფარგლებში, საქართველოში პირველი ავტორიზებული სურსათის ბანკი დაეარსებინა, რომლის მიზანია შეამციროს შიმშილის პრობლემა ქვეყანაში, ასევე ხელი შეუწყოს მოსახლეობის კვების ხარისხის ამაღლებას და სურსათის დანაკარგების შემცირებას. „ენკენიას“ საქმიანობა გუნდის წევრების ძალისხმევით, რესურსებითა და მოხალისეების მონაწილეობით ხორციელდება. ჩვენი პარტნიორია ფონდი “შირაქიც”, შემომწირველები კი სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირები არიან“, - აღნიშნა ნანა ოლქიშვილმა.
მალე, „ენკენიას“ რიგით მეორე სურსათის ბანკიც შემოუერთდება, რომელიც ფუნქციონირებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დაიწყებს. აღნიშნულ პროექტს საქართველოში ჩეხური ორგანიზაცია People In Need, წითელ ჯვართან ერთად ახორციელებს. მთლიანად ამ პროცესის, კერძოდ, საქართველოში სურსათის ბანკის დაარსების ინიციატორი კი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაა (FAO), რომელმაც საქართველოში სურსათის ნარჩენების მართვაზე მუშაობა წლების წინ დაიწყო.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას FAO-საქართველოს პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა ჯუბა მარუაშვილმა აღნიშნა, საქართველოში სურსათის ბანკის შესახებ ცნობადობა დღითი დღე მზარდია და სულ უფრო მეტი ადგილობრივი ბიზნესოპერატორი გამოხატავს პროექტში ჩართვის სურვილს, რადგან როგორც ცნობილია, სურსათის ბანკისთვის უვნებელი საკვების მიწოდების შემთხვევაში, ბიზნესი საგადასახადო შეღავათებს მიიღებს. სწორედ ამას ითვალისწინებს კანონი „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის ოქტომბერში დაამტკიცა და ის ძალაში 2025 წლიდან შევიდა.
აღსანიშნავია, რომ დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, სურსათის დანაკარგის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია საქართველოში. არაოფიციალური ინფორმაციით, აქ ყოველწლიურად, დაახლოებით, 600 ათასი ტონა სასურსათო პროდუქტი ნარჩენად გადაიქცევა.