logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"გადასახადის გადამხდელის ქცევის რეიტინგი არის ინსტრუმენტი საგადასახადო ვალდებულების შესრულების წარმოსაჩენად"

შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი ანალიტიკოსის ავთანდილ ზარნაძის განცხადებით, გადასახადის გადამხდელის ქცევის რეიტინგი პარტნიორებთან, ან პოტენციურ ინვესტორებთან ზოგადი საგადასახადო ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების წარმოჩენის ინსტრუმენტია. 

როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნა, გადასახადის გადამხდელის ქცევის რეიტინგის პროექტი ამჟამად საშუალო სიდიდის დგღ-ს გადამხდელებს მოიცავს. 

"საქართველოს საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს ზოგადი საგადასახადო ვალდებულების შესრულების 4 ძირითად პრინციპს. ესენია, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში - საგადასახადო აღრიცხვაზე დადგომა, საქმიანობის სფეროსა და დაბეგვრის სტატუსის მიხედვით - შესაბამისი დეკლარაციების წარმოდგენა, ინფორმაციის სისწორე, სიზუსტე და დეკლარაციებით დარიცხული გადასახადების ბიუჯეტში დროული გადახდა. აღნიშნული დაედო საფუძვლად საგადასახადო ორგანოს მიერ ოთხი ძირითადი ინდიკატორის ჩამოყალიბებას, რომლითაც ხორციელდება გადასახადის გადამხდელის შეფასება და ენიჭება შესაბამისი რეიტინგი. ძირითადი ინდიკატორებია - მონაცემები გადამხდელის შესახებ, დროული დეკლარირება, ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და დარღვევები. ამას გარდა, არსებობს ბევრი შეფასების კრიტერიუმი, რომელიც მოქმედებს ქცევის რეიტინგზე.

შეფასების დათვლა ხორციელდება ყოველთვიურად. აღნიშნული გავაკეთეთ იმიტომ, რომ გადამხდელს  რეიტინგის გამოსწორების  შესაძლებლობა ჰქონდეს. 

აღნიშნული პროექტი პირველ რიგში ორიენტირებულია გადასახადის გადამხდელების კმაყოფილებაზე და ურთიერთობის გაღრმავებაზე. შესაბამისად, ისინი გაიგებენ საგადასახადო ორგანოს ხედვას და შეფასების კრიტერიუმებს კონკრეტული ქმედების მიმართ, რაც ხელს შეუწყობს საგადასახადო ორგანოსთან ინფორმაციის მიღების გამარტივებას. ასევე, ისინი მიიღებენ ინსტრუმენტს პარტნიორებთან, ან პოტენციურ ინვესტორებთან ზოგადი საგადასახადო ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების წარმოსაჩენად", - აცხადებს ავთანდილ ზარნაძე. 

გამოგვყევით