logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

GCCA 1-ელი ივლისიდან მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელს უხელმძღვანელებს

GCCA 1-ელი ივლისიდან მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელს უხელმძღვანელებს

1780902563

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. GCCA-ი, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან, ICPEN-ის პრეზიდენტობის სტატუსს ოფიციალურად მიიღებს.

ირაკლი ლექვინაძემ, სიტყვით გამოსვლისას, საერთაშორისო პარტნიორებს მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და თანამედროვე ციფრულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირების მიმართულებით სააგენტოს აქტივობები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

GCCA-ის თავმჯდომარის განცხადებით, თანამედროვე ეკონომიკაში ნდობა ბაზრის ფუნქციონირების უმნიშვნელოვანესი საფუძველია და სწორედ ამიტომ, ICPEN-ის პრეზიდენტობის მთავარი გზავნილი უწყების მხრიდან - „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება“ (Building Trust in the Digital Age) იქნება.

„თანამედროვე ეკონომიკაში ნდობა ბაზრის ფუნქციონირების უმნიშვნელოვანესი საფუძველია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ურთიერთობენ ციფრულ პლატფორმებთან, ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან და ისეთ ტექნოლოგიებთან, რომლებიც მათ გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს. GCCA-ის პრეზიდენტობის პერიოდში, ყურადღება სამი ძირითადი მიმართულებით გამახვილდება: მომხმარებელთა დაცვის განვითარებადი უწყებების მხარდაჭერა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ბაზრების ეპოქაში, ასევე მოწყვლადი მომხმარებლების, მათ შორის ბავშვების, შშმ პირებისა და სხვა მაღალი რისკის ჯგუფების ინტერესების დაცვა,“- აღნიშნა GCCA-ის თავმჯდომარემ.

ამასთან, საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში, მომხმარებელთა ციფრული ცნობიერების ამაღლებისა და მარკეტინგული პრაქტიკების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიმართულებით გამართულ სესიას მოდერატორობა გაუწია GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სერგო სანიკიძემ.

ღონისძიებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის უწყებების წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საჯარო სექტორში, მომხმარებელთა საჩივრების ანალიზის თანამედროვე მეთოდები, ონლაინ სივრცეში პრობლემური კომერციული პრაქტიკების წინააღმდეგ ბრძოლა და მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გაძლიერება.

ICPEN-ის პრეზიდენტობის ფარგლებში, 2026 წლის სექტემბერში, თბილისში, მომხმარებელთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მიზნით, GCCA-ი მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომელსაც 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.

მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელი 1992 წელს დაარსდა. ორგანიზაცია 80-ზე მეტ წევრ ქვეყანას და წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებს აერთიანებს.

გამოგვყევით