2025 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.5 პროცენტით გაიზარდა და 60.3 მილიარდი ლარი შეადგინა.
"საქსტატის" მონაცემების თანახმად, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2025 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 23.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.0 პროცენტით მეტია.
2025 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 68.1 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.9 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 17.0 პროცენტი კი — მცირე ბიზნესზე. განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.8 პროცენტი, საშუალოზე — 24.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე — 29.1 პროცენტი.
2025 წლის II კვარტალში, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 31.0 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.3 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 17.8 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.6 პროცენტით მეტი) შეადგინა. 2025 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 795.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 44.1 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 55.9 პროცენტი — კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.9 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.4 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 36.7 პროცენტი — მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 745.3 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.9 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5 284.0 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით მეტი). 2025 წლის II კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 317.6 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 212.2 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 783.5 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია 147.2 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:
- მსხვილი ბიზნესი – 2 466.9 ლარი;
- საშუალო ბიზნესი – 2 741.8 ლარი;
- მცირე ბიზნესი – 1 823.3 ლარი.
2025 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 35.1 პროცენტი, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 33.0 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა — 8.0 პროცენტიანი წილით, მშენებლობა — 5.8 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.5 პროცენტიანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია — 3.7 პროცენტიანი წილით, ხოლო 10.0 პროცენტი დანარჩენ დარგებზე განაწილდა.
2025 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამამუშავებელი მრეწველობა (19.3 პროცენტი), ვაჭრობა (18.2 პროცენტი), მშენებლობა (16.5 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (9.4 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.1 პროცენტი) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 27.6 პროცენტიანი წილი ეჭირა.
2025 წლის II კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.0, 11.6 და 9.4 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი), მშენებლობის (8.0 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.3 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.4 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.
დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა:
- ქ. თბილისი – 66.1 პროცენტი;
- აჭარის ა.რ. – 9.6 პროცენტი;
- იმერეთი – 6.3 პროცენტი;
- ქვემო ქართლი – 5.4 პროცენტი;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.3 პროცენტი;
- კახეთი – 2.8 პროცენტი;
- შიდა ქართლი – 2.2 პროცენტი;
- მცხეთა-მთიანეთი – 1.7 პროცენტი;
- სამცხე-ჯავახეთი – 1.4 პროცენტი;
- გურია – 0.9 პროცენტი;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.3.