პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, „შუა დერეფანთან“ მიმართებაში ინვესტორების დაინტერესება გაზრდილია, რადგან იკვეთება მისი უპირატესობა სხვა მარშრუტებთან შედარებით.
„დღეს უპირატესად ჩანს შუა დერეფნის როლი სხვა მარშრუტებთან და ალტერნატივებთან შედარებით, უფრო მეტია ინვესტორთა დაინტერესებაც, ვიდრე იყო ადრე და ეს ტენდენცია შეიძლება გაგრძელდეს მომავალშიც, როდესაც რეგიონში არსებული ვითარება, ადრე თუ გვიან, შეიცვლება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, წავახალისოთ ინფრასტრუქტურული ინვესტიციები - უპირველესად, საუბარია სახელმწიფო გადაწყვეტილებებზე და პროექტებზე, ასევე მნიშვნელოვანია კერძო ინვესტიციები რომლებიც, ზოგადად, შუა დერეფნის ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს და საქართველოს, როგორც სატრანზიტო, სატრანსპორტო დამაკავშირებელი ჰაბის როლს გაზრდის“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში.
მინისტრის თქმით, საუბარი არ არის მხოლოდ ტვირთნაკადებზე და ასევე მნიშვნელოვანია ენერგომატარებლები, მათ შორის, ელექტროენერგია და ციფრული ნაკადები.
„დღეს ვართ ციფრულ ხანაში, სადაც ხელოვნური ინტელექტის აქტუალიზაციის შედეგად ციფრული ნაკადები მეტად იზრდება, რადგან მეტი მონაცემის გაცვლა ხდება გლობალურად. ამ მიმართულებითაც საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ჰქონდეს - აქ იყოს შესაბამისი დატა-ცენტრები და ჩვენ გვაქვს ამ მონაცემთა მიმოცვლის, ტრანზიტისა და იმპორტ-ექსპორტის გარკვეული ჰაბი. ასე რომ, ყველაფერს - ელექტროენერგიას, ტვირთნაკადებს და ციფრულ ნაკადებს ერთი ბუნება გააჩნიათ და ყველგან გვაქვს ერთი ამოცანა - ხელი შევუწყოთ შესაბამისი კვანძების განვითარებას, რომ საქართველოზე გამავალი ნაკადები გაიზარდოს და ეკონომიკაში შეიქმნას დამატებითი ღირებულება ამ სერვისებიდან“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მისივე შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში დღეს მნიშვნელოვანი კომპონენტებია ვაჭრობა და მშენებლობა, თუმცა, მაგრამ ერთ ერთი მნიშვნელოვანი, ყველაზე მზარდი მიმართულება არის ასევე მომსახურების, მათ შორის, სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტი.