შესაძლოა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ხელშესახები პროექტი რაც გვაქვს ჩვენს წინ, არის შავი ზღვის ელექტროენერგიის და ინტერნეტის ფართოზოლოვანი კაბელის პროექტი, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან − ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ოლივერ ვარჰეის თქმით, ეს არის ის დიდი, მასშტაბური პროექტი, რომელიც იქნება სახელმძღვანელო სხვა პარტნიორებისთვის, არა მარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, არამედ სხვა ქვეყნებში, სხვა რეგიონებში.
„ეს მოდელი, რომელიც ჩვენ შევქმენით, იმისათვის, რომ მწვანე ენერგია შემოვიტანოთ ევროპაში და ფართოზოლოვანი, მაღალი სიჩქარის ინტერნეტი მივიტანოთ საქართველოში და შესაბამისად, გაციფროვნებული ეკონომიკა შევქმნათ საქართველოში, არის სამაგალითო ყველა პარტნიორისთვის.
რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა სატრანსპორტო კავშირებზე, სადაც ახალი სავაჭრო კავშირები და მარშრუტები არის გადამწყვეტი და საქართველოს აქვს მთელი პოტენცია, რომ გახდეს ცენტრი ახალი სავაჭრო მარშრუტის და ამისთვის გვჭირდება შავი ზღვა, რომ იქცეს ახალ დერეფნად ევროპისკენ და ამისთვის ჩვენ გვჭირდება საპორტო ინფრასტრუქტურის შეკეთება და გაუმჯობესება.
ასევე ვახსენე უახლოესი ნაბიჯები, რაც გულისხმობს ღია შესაძლებლობად საქართველოსთვის პირველ ორ სფეროს, სადაც უკვე გვაქვს წინსვლა, ეს არის როუმინგი და ევროპაში პირველი ანგარიშსწორების მექანიზმები. როუმინგი არის პრინციპში ის სფერო, სადაც საქართველოს მთავრობამ ძალიან დიდი ტემპით განახორციელა ნაბიჯები და ანგარიშსწორების სისტემა არის ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ ურთიერთჩართვა ვიქონიოთ და ამით როუმინგის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება და მონაცემთა გაცვლის ხარჯები ასევე მნიშვნელოვნად შემცირდება, როგორც მოგზაურებისთვის, ასევე ევროპაში მცხოვრები ქართველებისთვის. ეს იქნება ის საეტაპო ცვლილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის იქნება ცხადი და შესამჩნევი და იქნება ხელშესახები ვიზალიბერალიზაციის შემდეგ.
მეორე სფერო და მიმართულება, სადაც ვმუშაობთ, არის ეს ანგარიშსწორების სისტემა. აქ ჯერ კიდევ გვაქვს ნაბიჯები გადასადგმელი, თუმცაღა მნიშვნელოვანია, რომ საქართველო როგორც კი მზად იქნება, ჩვენ უკვე მზად ვართ, საუბარია საკანონმდებლო ნორმების დახვეწაზე, საბანკო სექტორში წესების გაუმჯობესებაზე, იმისათვის, რომ გადავიდეთ ერთიან ევროპულ საანგარიშსწორებო სისტემაზე.
ამიტომ, როგორც ვიცით ყველამ კარგად, საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი და ჩვენ შეხვედრაზე ამაზე ბევრი ვისაუბრეთ. ჩვენ გადავდივართ უფრო დიდი სიჩქარით ახალი სიმაღლეებისკენ და ეს იქნა აღნიშნული“, - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.