დღეს ჩვენ ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობაზე. აქ ხდება მნიშვნელოვანი პროცესები, მნიშვნელოვანი მოვლენები. დღეს შეცდომა იქნებოდა და დანაშაული, რომ ჩვენ თვალს ვხუჭავდეთ იმაზე, თუ რა ხდება ცენტრალურ აზიაში, და ჩვენ რაღაცნაირად თავს ვიკავებდეთ ამ ქვეყნებთნ ურთიერთობებში, იმიტომ რომ ჩვენი კურსი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, გადაცემა „დღის თემაში“ საუბრისას განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის მიმზიდველი გეოპოლიტიკური მდებარეობის დახმარებით ქვეყნისთვის სარგებლის მოტანას და საერთაშორისო სცენაზე საქართველოს უკეთ წარმოჩენას.
"საგარეო პოლიტიკა ბევრად უფრო ფართო მცნებაა. ბევრად უფრო ბევრი რამ არის, ვიდრე მხოლოდ იმ კურსის განხორციელება, რაც ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია. ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან მიმზიდველი გეოპოლიტიკური მდებარეობა. ამ მიმზიდველმა გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ ძალიან ბევრი გამოწვევა გვაჩვენა ჩვენი ისტორიის მანძილზე. მაგრამ დღეს, ამ მოცემულ მომენტში, როდესაც გარეშემო ძალიან ბევრი რამ ხდება, ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩვენმა ქვეყანამ ამ გეოპოლიტიკური მდებარეობისგან მიიღოს არა გამოწვევები , არამედ სარგებელი და უკეთესად იყოს წარმოჩენილი საერთაშორისო სცენაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დაკავშირებადობაზე", - თქვა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.